სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

იცოდი, რომ თანამედროვე სკოლისა და უნივერსიტეტის მოდელი — თავისი ზარებით, მკაცრი განრიგითა და ერთნაირი პროგრამით — პირდაპირ მე-18 საუკუნის პრუსიული ქარხნებიდან გადმოკოპირდა? მაშინდელ სამყაროს სჭირდებოდა დისციპლინირებული მუშები, დღეს კი განათლების ამ ფორმას  „ოპერაციული სისტემა“ ვუწოდეთ 😉

და მაინც, რატომ ვხარჯავთ წლებს აუდიტორიებში იმის მისაღებად, რასაც სახელმწიფო „აღიარებას“ არქმევს და რამდენად ეფექტურია ეს ძვირადღირებული ფურცელი — ატესტატი თუ დიპლომი — თანამედროვე, სწრაფ სამყაროში? მოდი, გავატაროთ ფორმალური განათლება ჩვენს 6 ფილტრში და ვნახოთ, რას ვიღებთ სინამდვილეში ამ აღიარებასთან ერთად?

1. ფორმალური განათლება / Formal Education

ფორმალური განათლება ესაა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დაწესებულებაში (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი), სასწავლო გეგმით გაწერილი და კონტროლირებადი სწავლება, რომლის მიზანია სახელმწიფო აღიარების მქონე დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი) მიღება

  1. სტრუქტურა: მაღალი. განათლების პროცესი გაწერილია სასწავლო გეგმით, არსებობს მკაფიო საგნები, თემები და თანმიმდევრობა
  2. მოქნილობა: დაბალი. პროცესი მკაცრად კონტროლდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. სასწავლო გეგმის შეცვლა ან მორგება პრაქტიკულად შეუძლებელია
  3. სოციალური აღიარება: მაღალი. მოგეხსენებათ, დიპლომი კვლავაც რჩება დასაქმების მთავარ „საშვად“ ბაზარზე. საზოგადოება მას ყველაზე მეტად ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ უზრუნველყოფს აქტუალურ უნარებს
  4. სასწავლო მასალის განახლების სიჩქარე: დაბალი. პროგრამების აკრედიტაციასა და განახლებას თვეები და წლები სჭირდება. სანამ ახალი კურსი სასწავლო გეგმაში შევა, ბაზარი უკვე შეიძლება ორ ნაბიჯით წინ იყოს
  5. სწავლის ხანგრძლივობა: მაღალი. მოითხოვს რამდენიმეწლიან უწყვეტ ჩართულობას. მაგალითად, ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი, დოქტორანტურა – 3-4 წელი
  6. სწავლის ხარჯი: მაღალი. როგორც წესი, ყველაზე ძვირადღირებული სისტემაა. უნივერსიტეტის ღირებულება შეიძლება ათასობით ლარი/დოლარი იყოს წელიწადში

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): იცოდი, რომ ფორმალური სკოლის მოდელი — ზარის დარეკვა, ორ რიგად ჯდომა საკლასო ოთახში, ერთნაირი ტანსაცმელი — პირდაპირ „გადმოკოპირდა“ ინდუსტრიული ქარხნებიდან? შეიძლება ითქვას, ფორმალური განათლების თავდაპირველი მიზანი იყო არა კრეატიული ადამიანის, არამედ დისციპლინირებული მუშების აღზრდა, რომლებიც „ცვლაში“ არ დააგვიანებდნენ.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): გახსოვს, 1.1 ლექციაზე, გაკვეთილის ნაწილში ვახსენეთ, რომ პრუსიამ  პირველმა შეიმუშავა სავალდებულო ფორმალური განათლების მოდელი ჯერ კიდევ 1763 და 1819 წლებში. ამ მოდელმა გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნებზეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სავალდებულო განათლების კანონი მიიღეს 1852 წელს მასაჩუსეტსში , ხოლო 1918 წლისთვის მსგავსი კანონები უკვე ყველა შტატში მოქმედებდა (Compulsory Attendance Laws). ბრიტანეთმა 1870 წელს მოახდინა დაწყებითი განათლების სისტემური ორგანიზება (Elementary Education Act). იმ პერიოდში ამას უბრალოდ სასკოლო ან საჯარო განათლებას უწოდებდნენ (გერმანულად: Schulbildung, ინგლისურად: Public schooling). ეს ტალღა თავიდან სკოლებიდან დაიწყო, მაგრამ მალე პროფესიულ და აკადემიურ სივრცეებსაც გადაედო — სახელმწიფო მიხვდა, რომ კვალიფიციური კადრების მასობრივი წარმოებისთვის ერთიანი „თამაშის წესები“ იყო საჭირო.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 3): თავის მხრივ, ფორმალური განათლება სამ საფეხურს მოიცავს: ზოგადი (დაწყებითი, საბაზო, საშუალო), პროფესიული (კონკრეტული ხელობის დაუფლება) და უმაღლესი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 4): იცოდი, რომ ილონ მასკი, მიუხედავად მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა თანამედროვე განათლებისადმი, ფიზიკის ბაკალავრია? ის ხშირად ამბობს, რომ სწორედ ფორმალურმა განათლებამ ასწავლა მას „პირველადი პრინციპებით აზროვნება“. მისი მაგალითი გვაჩვენებს, რომ ფორმალური სისტემა გვაძლევს იმ ფუნდამენტურ „ოპერაციულ სისტემას“, რომელზეც შემდეგ სხვადასხვა პრაქტიკული უნარების დაშენება ხდება შესაძლებელი.

შეჯამება

როგორც დავინახეთ, ფორმალური განათლება არის ჩვენი ცოდნის მყარი, მაგრამ ხშირად მოუქნელი „ოპერაციული სისტემა“. ის გვაძლევს საძირკველს, სახელმწიფო აღიარებას და ფუნდამენტურ აზროვნებას (როგორც ილონ მასკის შემთხვევაში), თუმცა დღევანდელ სწრაფ სამყაროში მხოლოდ ეს სისტემა აღარ არის საკმარისი.

🎬 შემდეგ ლექციაზე: თუ ფორმალური განათლება „ოპერაციული სისტემაა“, როგორ გგონიათ, რა ხდება მაშინ, როცა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური „აპლიკაცია“ გვჭირდება? მაგალითად, როგორ ვისწავლოთ AI-სთან მუშაობა რამდენიმე კვირაში, როცა უნივერსიტეტს ამისთვის წლები სჭირდება? მომდევნო ლექციაზე გადავალთ არაფორმალურ განათლებაზე — სისტემაზე, რომელიც ყველაზე სწრაფად რეაგირებს ბაზრის მოთხოვნებზე და გვაძლევს იმ უნარებს, რომლებიც „აქ და ახლა“ გვჭირდება.