ალბათ ყველას შეგვხვედრია ადამიანი, რომელსაც სამი დიპლომი აქვს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რაიმე მარტივი დავალების შესრულება უჭირს — მაგალითად, დიპლომიანი ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც არ იცის ეფექტური სლაიდების მომზადება PowerPoint-ში. ასევე ინგლისურის რეპეტიტორი, რომელსაც დიპლომი არ აქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერი ჰყავს და ჯგუფებიც სულ შევსებული აქვს. როდის ვიძენთ ნამდვილ ცოდნას — აუდიტორიაში, ტრენინგზე თუ უბრალოდ YouTube-ზე ვიდეოების ყურებისას?
ამ ლექციის ბოლოს ისწავლი, როგორ შეკრა განათლების სამი სისტემა ერთიან, პრაქტიკულად მოქმედ სტრატეგიად. შედეგად გახდები არა უბრალოდ „დიპლომიანი სპეციალისტი“, არამედ კომპეტენტური განმანათლებელი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გადასცეს თავისი ცოდნა სხვას.
შეგახსენებ MoTArt-ის წესს: დააპაუზე ვიდეო ყოველ ჯერზე, როცა დაინახავ პაუზის ნიშანს ⏸️. დამატებითი ინფორმაცია დაგეხმარება დაინახო ის, რაც ერთი შეხედვით უხილავია.
მზად ხარ? დავიწყოთ!
ამ თემაში პასუხს გავცემთ კითხვას: რა განსხვავებაა „დიპლომსა” და „ნამდვილ კომპეტენციას” შორის? ერთმანეთს შევადარებთ ფორმალურ, არაფორმალურ და ინფორმალურ განათლებას.
ქრონოლოგიურად თუ დავალაგებთ, ჯერ ინფორმალური არსებობდა (ადამიანის გაჩენის დღიდან), შემდეგ ფორმალური (1763-1870 წლები) და ბოლოს არაფორმალური (1960-იანი წლები). თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება. ადამიანები ყველაზე მეტად ფორმალურ განათლებას აფასებენ. შემდეგ აქტიურად ეძებენ არაფორმალურს — კურსებს, ტრენინგებს. და მხოლოდ ბოლოს ხვდებიან, რომ ყველაზე მეტი სწორედ ინფორმალურად აქვთ ნასწავლი. სიარულიდან დაწყებული, ყოველდღიური გამოცდილებით დამთავრებული. თანაც, ხშირად ისე, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი იცოდნენ.
სანამ შედარებაზე გადავალთ, ჯერ ვნახოთ რა არის განათლების სისტემა?
განათლების სისტემა განსაზღვრავს სად, რა წესებით და როგორი აღიარებით ხდება სწავლა – დღეს ასე მარტივია განათლების სისტემის განმარტება. თუმცა, იყო დრო, განათლების სფეროში ტერმინოლოგიას არაერთგვაროვანი გაგება ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე პრაქტიკა სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა. ამ მდგომარეობის სისტემატიზაცია 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც UNESCO-მ ოფიციალურად გამიჯნა ერთმანეთისგან განათლების ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური სისტემები. ამ სტანდარტიზაციამ შექმნა საერთო ჩარჩო, რომელმაც გაამარტივა განათლების ფორმების შედარება და ცოდნის აღიარება საერთაშორისო დონეზე.
მართლაც, ჩვენი ცოდნისა და უნარების საერთო სურათი სულ ამ სამი სისტემის ერთობლიობაა. ეს სამი სისტემა სინამდვილეში ერთ საერთო მიზანს ემსახურება – ადამიანისთვის საინტერესო გახდეს ყოველდღიურობა. მათ დანიშნულებას უკეთესად გავიგებთ, თუ შევადარებთ სმარტფონის მუშაობის პრინციპს:
აქ უნდა ვთქვათ ყველაზე მთავარი რამ: როგორც განმანათლებელი, თქვენ მხოლოდ „ოპერაციულ სისტემას” არ „აინსტალირებთ”. თქვენ ეხმარებით მოსწავლეს სწორი „აპლიკაციების” შერჩევაში, რათა საკუთარი გამოცდილება აღიარებულ ცოდნად ან უნარად აქციოს. სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ნამდვილ კომპეტენციას.
მაგრამ როგორ გავიგოთ, რომელი სისტემა რისთვისაა საუკეთესო? რას გვაძლევს „ოპერაციული სისტემა“, რას — „აპლიკაციები“ და როგორ ვამუშავებთ ჩვენს „მონაცემებს“?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, გავატაროთ განათლების თითოეული სისტემა 6 ფილტრში. ეს 6 მახასიათებელი ზუსტად ზომავს იმას, თუ რა „ფასს“ ვიხდით ცოდნაში (დრო, ფული, ენერგია) და რას ვიღებთ სანაცვლოდ (აღიარება, აქტუალობა, შედეგი). სწორედ ამ ბალანსის დანახვა დაგეხმარება სწორი სისტემის შერჩევაში ნებისმიერი სასწავლო მიზნისთვის.
🎬 შემდეგ ლექციაზე: წარმოიდგინე, რომ შენი განათლება სახლია. ფორმალური განათლება ამ სახლის საძირკველია — ის შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენ სართულს გაუძლებს შენი კარიერა. მომდევნო ლექციაზე ჩვენს „ოპერაციულ სისტემას“ 6 ფილტრში გავატარებთ და გავიგებთ, რატომ არის დიპლომი ყველაზე მყარი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მოუქნელი არჩევანი სწავლისთვის.