სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

ამ თემაში მიმოვიხილავთ სწავლების სამ მთავარ ფორმატს — გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს. ვნახავთ როგორ გარდაიქმნება ცოდნა ჯერ დამოუკიდებელ აზროვნებად, ხოლო შემდეგ საქმედ და რაც მთავარია, გავიგებთ რა როლი აქვს ამ პროცესში სწავლების სწორი ფორმატის შერჩევას.

კურსის აღწერაში მოვიყვანეთ ივანე ჯავახიშვილის ხედვა „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა“. ასევე ვახსენეთ ისააკ ნიუტონის სიტყვები „თუ მე სხვებზე შორს ვიხედები, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ“. 

ჩემი ნება რომ იყოს, თანამედროვე სწავლების მიზნად და ძირითად ღირებულებად ვაქცევდი, ამ ორი ციტატის გაერთიანებულ ვარიანტს, რომელიც ასე ჟღერს: „თუ მე სხვებზე შორს ვიხედები, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ და დამოუკიდებლად ვაზროვნებ“.

ამ ფილოსოფიის საუკეთესო ქართული მაგალითი ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაა. პეტერბურგში მას მსოფლიო დონის მეცნიერი, ნიკო მარი ასწავლიდა. მარი მეცნიერებას გლობალურ ჭრილში ხედავდა და არ სჯეროდა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის შექმნა შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, იდგა რა მასწავლებლის „მხრებზე“ და დამოუკიდებლად აზროვნებდა, ივანემ უფრო შორს გახედვა შეძლო. შედეგმაც არ დააყოვნა  1918 წლის 26 იანვარს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.

გაითვალისწინეთ, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა პირველი მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცხადებული. წარმოიდგინე, ირგვლივ საყოველთაო ქაოსია, ივანე ჯავახიშვილი კი დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერამდე 4 თვით ადრე აარსებს პირველ ქართულ უნივერსიტეტს. ეს იყო დამოუკიდებელი მოაზროვნის ნამდვილი გამარჯვება არა მხოლოდ რთულ გარემო პირობებზე, არამედ იმ დროის ყველაზე დიდ უიმედობაზეც.

დამოუკიდებელი აზროვნება მხოლოდ საქართველოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. ეს არის უნივერსალური ენა, რომელიც ადამიანს ცოდნის განვითარებაში ეხმარება. სწორედ ცდონის განვითარების ამ ენამ დააკავშირა ბრიტანელი ნიუტონი ბერძენ არისტოტელესთან, რუს გაგარინთან თუ გერმანელ აინშტაინთან. 

კეთილი იყოს შენი მობრძანება ინტელექტუალურ სამყაროში. შეგახსენებ, მე პაატა ცაგარეიშვილი ვარ, შენი მენტორი და თანამგზავრი ამ მოგზაურობაში.

აინშტაინის ხსენებაზე გამახსენდება მისი სიტყვები: „ცოდნა მიგიყვანს ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში, ხოლო წარმოსახვა ყველგან“. მის დროს დროს არ არსებობდა, მაგრამ დღეს შეგვიძლია წარმოსახვაში დავიხმაროთ ხელოვნური ინტელექტი (AI). მოდი გავაკეთებინოთ ფოტო, სადაც ჩანს თუ ვის „მხრებზე“ იდგა ისააკ ნიუტონი, ახლა ვინ დგას ნიუტონის „მხრებზე“ და როგორ იკავებენ დამოუკიდებელი მოაზროვნეები ამ პირამიდის მწვერვალს.  

საინტერესო სურათია: პირველ „სართულზე“ არისტოტელე, არიაბჰატა, ჯორდანო ბრუნო, გალილეო გალილეი და ნიკოლაი კოპერნიკი დგანან. მათ მხრებზე კონსტანტინე ციოლკოვსკი, მარია კიური, ისააკ ნიუტონი და ალბერტ აინშტაინი არიან. მესამე სართულზე კი, იური გაგარინს და ნილ არმსტრონგს უჭირავთ ქრისტინა კოხი, რომელიც თითქოს ეს ესაა მათ მხრებზე დადგომას ცდილობს რათა მარსს მისწვდეს. 

ვნახოთ ამ ადამიანთაგან რომელმა რა წვლილი შეიტანა სამყაროს შესწავლაში და როგორ ვიტარდებოდა ცოდნა საუკუნეების მანძილზე:

  1. არისტოტელე (საბერძნეთი, ძვ.წ. 350): რომ არა არისტოტელეს დამოუკიდებელი აზროვნება, კარგა ხანს ჩავთვლიდით, რომ დედამიწა ბრტყელია. ის დააკვირდა, რომ დედამიწის ჩრდილი მთვარეზე ყოველთვის მომრგვალებულია, რითაც დაამტკიცა, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს. თუმცა, მანვე ჩამოაყალიბა აზრი, რომ დედამიწა უძრავდ დგას სამყაროს ცენტრში და ყველაფერი მის გარშემო ბრუნავს.
  2. არიაბჰატა (ინდოეთი, ახ.წ. 499): პირველმა დაამსხვრია არისტოტელეს მითი დედამიწის უძრაობაზე და დაასაბუთა, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს.
  3. ნიკოლაი კოპერნიკი (პოლონეთი, 1543): დაამსხვრია არისტოტელეს მითი დედამიწის ცენტრალურობაზე და დაადგინა, რომ ჩვენი პლანეტა მზის გარშემო ბრუნავს.
  4. ჯორდანო ბრუნო (იტალია, 1584): გააფართოვა კოპერნიკის ხედვა და ივარაუდა, რომ სამყარო უსასრულოა, ხოლო ვარსკვლავები შესაძლოა ასევე მზეებია, რომელთა გარშემოც უამრავი სხვა სამყარო არსებობს.
  5. გალილეო გალილეი (იტალია, 1609): განავითარა ტელესკოპი და რეალურად დაინახა ის, რასაც არისტოტელე, კოპერნიკი და ბრუნო ამბობდნენ.
  6. ისააკ ნიუტონი (დიდი ბრიტანეთი, 1687): აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რითაც შექმნა მათემატიკური საფუძველი კოსმოსში ხომალდების გასაყვანად და იმის რეალურად სანახავად, რასაც გალილეო გალილეი ხედავდა ტელესკოპში. 
  7. მარია კიური (პოლონეთი/საფრანგეთი, 1898): რადიოაქტივობის კვლევით საფუძველი ჩაუყარა ატომური ენერგიის გამოყენებას, რაც აუცილებელია  კოსმოსური აპარატების ენერგოუზრუნველყოფისთვის ღია კოსმოსში. 
  8. კონსტანტინე ციოლკოვსკი (რუსეთი, 1903): შექმნა რაკეტის მოძრაობის ფუნდამენტური ფორმულა. მისი ფრომულის წყალობით შეძლო ადამიანმა  საწვავის ენერგია მიზიდულობის დასაძლევად.
  9. ალბერტ აინშტაინი (გერმანია/აშშ, 1915): ფარდობითობის თეორიით რევოლუცია მოახდინა გრავიტაციის გაგებაში, რაც კოსმოსური ნავიგაციის სიზუსტისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
  10. იური გაგარინი (სსრკ, 1961): მან დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია დაძლიოს დედამიწის მიზიდულობა და ფიზიკურად გავიდეს ღია კოსმოსში, რითაც საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) არსებობას დედამიწის ორბიტაზე.
  11. ნილ არმსტრონგი (ბაზ ალდრინთან და მაიკლ კოლინზთან ერთად, აშშ, 1969): „აპოლო 11“-ის მისით, მათ დაამტკიცეს, რომ მთვარეზე ფეხის დადგმა შესაძლებელია, რითაც კაცობრიობის მოქმედების არეალი დედამიწის ორბიტას გასცდა.
  12. ქრისტინა კოხი (რიდ უაისმენთან,  ვიქტორ გლოვერთან და ჯერემი ჰანსენთან ერთად, აშშ, 2026 წლი): „არტემის 2“-ის მისიით, ისინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად – 406,771 კილომეტრით დაშორდნენ დედამიწას (შედარებისთვის: გაგარინი — 327 კმ, ISS — 420 კმ, არმსტრონგი, ალდრინი და კოლინზი — 384,400 კმ). გარდა ამისა, 2019-2020 წლებში ქრისტინა კოხი გახდა პირველი ქალი, რომელმაც უწყვეტად ყველაზე მეტი დრო გაატარა კოსმოსში (328 დღე). მათმა ბოლო წარმატებამ საფუძველი შეუქმნა მომდევნო მისიებს მარსზე გასაფრენად. 

ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორ იყენებდნენ ეს ადამიანები არსებულ ცდონას და დამოუკიდებელი აზროვნების წყალობით როგორ აფართოვებდნენ და ავითარებდნენ მას. ამ თემაში ერთმანეთს შევადარებთ სწავლების ფორმატებს – გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს, სადაც იბადება და ვითარდება ასეთი აზროვნება.

დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა რომ შევძლოთ, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ასეთი ხომ? ამიტომაც, ამ კურსიდან ყველაზე მეტს წაიღებ იმ შემთხვევაში, თუ არა მხოლოდ მოისმენ, არამედ დამოუკიდებლად აზროვნების უნარსაც გაავარჯიშებ. 

ამისათვის საჭიროა დააპაუზო ვიდეო როდესაც დაპაუზების ნიშანს (⏸️) დაინახავ და სასწავლო მასალაში იპოვო დამატებითი ინფორმაცია სლაიდზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. სასწავლო მასალა ქრონოლოგიურად მიყვება ვიდეოს შინაარსს, რაც ძებნის პროცესს გაგიმარტივებს.

ახლა კითხვა მაქვს შენთან, როგორც მოქმედ, თუ მომავალ მასწავლებელთან:  დაფირებულხარ როდესმე, რამხელა პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა? ან როგორი უნდა იყოს გარემო დამოუკიდებელი აზროვნების განსავითარებლად? ერთი წუთით წარმოიდგინე, ხარ მასწავლებელი და ჯგუფში გყავს 16-18 წლის 5 მოსწავლე, რომელთა გვარები და წარმომავლობა არ იცი:

  1. დავითი
  2. შოთა
  3. ილია
  4. აკაკი
  5. ნიკო 

რა მეთოდებს გამოიყენებ იმისათვის, რათა შენმა მოსწავლეებმა გაბედონ დამოუკიდებელი აზროვნება? რა შანსი არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები გახდებიან „აღმაშენებელი“, „რუსთაველი“, „ჭავჭავაძე“, „წერეთელი“, ან „ნიკოლაძე“? რომ არა მათი გამბედაობა ეაზროვნათ შაბლონებს მიღმა, დღეს ჩვენი რეალობა ხომ სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.

გთხოვ, დააპაუზო ვიდეო და დამატებით მასალაში გაეცნო ქართველ დამოუკიდებელ მოაზროვნეებს დავიტ აღმაშენებლიდან ნიკო ნიკოლაძის ცათვლით. შემდეგ დაუბრუნდი ვიდეოს, რათა ერთად გავარკვიოთ, როგორ იქმნება გაკვეთილზე, ლექციასა თუ ტრენინგზე ისეთი გარემო, სადაც ასეთი  აზროვნება იბადება. 

⏸️(დამატებითი ინფორმაცია 1): რომ არა დამოუკიდებელი აზროვნება სად იქნებოდა დღეს საქართველო?

1. დავით აღმაშენებელი (1089–1125): რომ არა დავითის დამოუკიდებელი აზროვნება, არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩებოდა საქართველო დაქსაქსულ სამთავროებად. მაშინ, როცა სხვა მეფეები ძალას მხოლოდ ხმალში ხედავდნენ, დავითმა ქვეყნის ხერხემლად განათლება აქცია და დააარსა გელათის აკადემია. მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი გამარჯვება არა ომით, არამედ განათლებით მოიპოვება.

2. შოთა რუსთაველი (1160–1210): შოთას რომ სხვა მაშინდელი მწერლების მსგავსად ეაზროვნა, დაწერდა მხოლოდ მეფეების საქებარ ლექსებს.  დამოუკიდებელი გონების წყალობით კი მივიღეთ „ვეფხისტყაოსანი“. მან პოეზიისა და მეცნიერების ორგანული დაკავშირებით, ქართულ კულტურას ისეთი საფუძველი ჩაუყარა, რომლითაც დღეს მსოფლიოს წინაშე წარვსდგებით.

3. ილია ჭავჭავაძე (1837–1907): ილია რომ სხვა თავადაზნაურებივით მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით ყოფილიყო დაკავებული, ქართველთა უდიდეს ნაწილს წერა-კითხვაც კი არ ეცოდინებოდა. წერა კითხვის ცოდნის გარეშე მომდევნო თაობებში უბრალოდ ვერ იარსებებდნენ ისეთი განათლებული ადამიანები, როგორებიც იყვნენ მაგალითად, ექვთიმე თაყაიშვილი ან დიმიტრი უზნაძე.

4. აკაკი წერეთელი (1840–1915): აკაკიმ ილიას რთული და ღრმა ხედვები ხალხში საოცრად მარტივი და მელოდიური ენით გაიტანა. მან დამოუკიდებელი აზროვნება სიმღერად აქცია. გაიხსენეთ მისი სტრიქონები:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო…“

რომ არა აკაკის ეს გენიალური სიმარტივე, ეროვნული იდეა მხოლოდ ვიწრო წრეში დარჩებოდა და გლეხის გულამდე ვერასდროს მივიდოდა.

5. ნიკო ნიკოლაძე (1843–1928): ნიკოლაძე სხვა პოლიტიკოსებივით მხოლოდ ლამაზი სიტყვებით რომ შემოფარგლულიყო, დღეს არ გვექნებოდა ფოთის პორტი, რკინიგზა თუ ევროპული ინფრასტრუქტურა. მან დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლობა საქმის კეთების უნარია. მის გარეშე საქართველო ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყნად დარჩებოდა.

როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა ასეთი მასშტაბური ცვლილებების მოხდენა? პასუხი მარტივია: მათ იცოდნენ, როგორ ეაზროვნათ დამოუკიდებლად. 

ამ თემაში ერთმანეთს შევადარებთ სწავლების ფორმატებს – გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს, სადაც იბადება და ვითარდება ასეთი აზროვნება.

რომ შევაჯამოთ: ამ ადამიანთა ცხოვრება ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი აზროვნება არის სწორედ ის ძალა, რომელიც ცოდნას მოქმედებად აქცევს. Mentor.ge-ის მისიაა, იყოს შენი ნავიგატორი ცოდნის მოქმედებად ქცევის გზაზე. MoTArt-მეთოდოლოგია კი ის გარემოა, სადაც რთულ გზას მარტივად გაივლი, რათა თავადაც ჩამოყალიბდე დამოუკიდებელ მოაზროვნედ და შენს მოსწავლეებსაც დაეხმარო შაბლონებს მიღმა გასვლაში. მასწავლებელი ხომ სწორედ მაშინ იმარჯვებს, როდესაც მოსწავლე დამოუკიდებელ პიროვნებად ყალიბდება. ამისათვის კი აუცილებელია ზუსტად იცოდე, როდის და როგორ გამოიყენო სწავლების ფორმატები — გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი.

🎬 შემდეგ ლექციაზე: იცოდი, რომ ქრონოლოგიურად ჯერ ლექცია გაჩნდა, შემდეგ გაკვეთილი, ბოლოს კი ტრენინგი? მომდევნო ვიდეოში ვნახავთ, რატომ ეძახდნენ ლექციას „ხმამაღლა კითხვას“ და როგორ იქცა ის დღეს სწავლების ყველაზე აკადემიურ ფორმატად.

დროებით, შევხვდებით მომდევნო ლექციაზე!