სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

გასულ ეპიზოდში ვამბობდით, რომ მხოლოდ რეცეპტის კითხვა მშიერ კაცს ვერ დაანაყრებს. მართლაც, თუ კეთების გამოცდილება არ გაქვს, გემრიელ კერძს ვერ მოამზადებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელში რეცეპტების წიგნი (ცოდნა) გიჭირავს. ტრენინგი სწორედ ის ფორმატია, სადაც აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ „როგორ უნდა გაკეთდეს“, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ.

ტრენინგი / Training

თანამედროვე გაგებით, ტრენინგი შეიძლება ასე განიმარტოს: ტრენერი პროფესიულ/კორპორაციულ გარემოში ეხმარება მონაწილეს საჭირო პრაქტიკული უნარის განვითარებაში.

წარმოშობა

სანამ მახასიათებლებზე გადავალთ, ვნახოთ, საიდან მოდის ეს ფორმატი:

  • როდის და სად გაჩნდა. დამკვიდრდა XX საუკუნის დასაწყისიდან, აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, როგორც პასუხი ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე. ძირითადად გამოიყენებოდა სამეწარმეო და სამრეწველო სფეროებში, რათა სამუშაო ადგილზე სწრაფად მომხდარიყო თანამშრომელთათვის საჭირო უნარების გამომუშავება, რასაც ლექცია და გაკვეთილი ვერ უზრუნველყოფდა;
  • ეტიმოლოგია. თანამედროვე საგანმანათლებლო მნიშვნელობით ფართოდ დამკვიდრდა ინგლისური სიტყვიდან – „to train“, რაც ვარჯიშს, წვრთნას ნიშნავს. 1900 წლიდან ევროპაში ხელოსანთა სწავლებას გულისმობდა, ხოლო აშშ-ში სამუშაოს სტანდარტიზაციასა და პროდუქტიულობის მაქსიმიზაციაზე კეთდებოდა აქცენტი. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ამერიკულმა კომპანიებმა, მაგალითად ჯენერალ ელექტრიკმა და ფორდმა, შიდა სასწავლო დეპარტამენტების შექმნა საკუთარი თანამშრომლების სწრაფი გადამზადების მიზნით. ეს იყო პირველი ნაბიჯები ტრენინგის კორპორაციული განვითარების მთავარ ინსტრუმენტად ჩამოყალიბებისკენ.

მახასიათებლები

ტრენინგის არსის გასაგებად, გამოვიყენოთ იგივე მახასიათებლები, რაც წინა ლექციების დროს:

  1. მიზანი — რატომ ვიკრიბებით? ტრენინგის მიზანია კონკრეტული პრაქტიკული უნარის განვითარება. თანამედროვე მნიშვნელობით ტრენინგი განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპამ დაიწყო ეკონომიკის აღდგენა ამერიკული მოდელებით. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში გაჩნდა მოთხოვნა ბიზნესსა და კორპორაციულ გარემოში თანამშრომლების ეფექტურობის ამაღლებაზე – მაგალითად, მენეჯერული უნარების, გაყიდვების ან მანქანა დანადგარების მუშაობისთვის აუცილებელი ტექნიკური უნარების განვითარება. აქედან გაჩნდა ტრენინგის ყველაზე თანამედროვე გაგება – როგორც პროფესიონალიზებული, მეცნიერულად დასაბუთებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული უნარის რეკორდულ გაუმჯობესებას.
  2. გარემო — სად ტარდება? ტრენიგნი ტარდება პროფესიულ ან კორპორაციულ გარემოში. ტრენინგი უშუალოდ უკავშირდება ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების სფეროებს. მაგალითად, პროფესიული კოლეჯი, ტრენინგ ცენტრი ან უშუალოდ ტრენინგის დამკვეთი კომპანიის საკონფერენციო დარბაზი.
  3. განმანათლებლის როლი — რა როლი აქვს ცოდნის გადამცემ პირს? ტრენინგზე განმანათლებელი პირი არის ტრენერის როლში, თუმცა შეუძლია სხვა როლების მორგებაც, რაზედაც მეორე თემაში ვისაუბრებთ უფრო დეტალურად. ის არის პრაქტიკული უნარის განვითარებაში ხელშემწყობი პირი, კერძოდ ტრენერი ქმნის უსაფრთხო გარემოს პრაქტიკისთვის, იძლევა სწრაფ უკუკავშირს და ფოკუსირებულია შედეგზე;
  4. შემსწავლელის როლი — რა როლი აქვს ცოდნის მიმღებ პირს? ტრენინგზე შემსწავლელი პირი არის მონაწილის როლში. ის არის აქტიური მსმენელი, რომელიც გამუდმებით სვამს კითხვებს, აკეთებს სავარჯიშოებს, მონაწილეობს როლურ თამაშებში და აზიარებს საკუთარ გამოცდილებას რათა გამოიმუშაოს საჭირო პრაქტიკული უნარი. მაგალითად, სწავლობს გაყიდვების ტექნიკის ან ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების უნარებს;
  5. ინტერაქცია — როგორია ჩართულობა? ტრენინგზე ინტერაქცია არის მრავალმხრივი და ცოცხალი. გამოცდილების გაზიარება ხდება როგორც ტრენერსა და მონაწილეს, ისე თავად მონაწილეებს შორის;
  6. შედეგი — რა მიმაქვს სახლში? სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეს აქვს კონკრეტული ქმედების შესრულების პრაქტიკული უნარი. კულინარიის მაგალითზე, ეს არის მომენტი, როდესაც გიკეთია წინსაფარი, გრძნობ ცეცხლის ტემპერატურას და თავად ამზადებ კერძს. 

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): საინტერესოა, რომ როგორც მეთოდი, ტრენინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული წვრთნასთან. სიტყვა „to train“ (გაწვრთნა/მომზადება) მე-18 საუკუნემდე მონადირე ძაღლებისა და ცხენების გაწვრთნის კონტექსტში გამოიყენებოდა, რაც ხაზს უსვამს ტრენინგის პირველად არსს — კონკრეტული უნარის ავტომატიზმამდე მიყვანას. მოგვიანებით (მე-19 საუკუნის დასაწყისში), ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო რეფორმების ეპოქაში, ეს მიდგომა ჯარისკაცების მასობრივ და სტანდარტიზებულ მომზადებაში გადავიდა, თუმცა მაშინ მას ჯერ კიდევ „სამხედრო სწავლებას“ (ფრ. instruction militaire) უწოდებდნენ და არა „ტრენინგს“. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი ტერმინი აქტიურად დამკვიდრდა სპორტულ კონტექსტში, ორგანიზებული სპორტული ლიგების განვითარებასა და ოლიმპიური თამაშების აღდგენასთან (1896) ერთად;

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): საინტერესო ფაქტია, რომ 1950-იან წლებში, აშშ-მა იაპონიაში შეიტანა პროგრამა TWI (Training Within Industry – TWI – წვრთნა მრეწველობაში), რომელიც იაპონელ მასწავლებლებს სწრაფი და სტანდარტიზებული წვრთნის მეთოდებს ასწავლიდა. 1970 წლიდან იაპონელმა მწარმოებლებმა ამ პროგრამის საფუძველზე შექმნეს ორგანიზაციული განვითარების ორი მოდელი: კაიზენი (Kaizen – მუდმივი გაუმჯობესების ფილოსოფია) და ტოიოტას საწარმოო სისტემა (TPS), რომელიც 1984 წელს „დაბრუნდა უკან“, ამერიკაში როგორც უმაღლესი დონის საწარმოო და მენეჯმენტის ფილოსოფია.

1990-იან წლებიდან იგივე იაპონური მოდელები გარცელდა ევროპელ მწარმოებლებში სახელით ლინ მეთოდოლოგია. 2000-იანი წლებიდან გავრცელდა არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ მომსახურებაში, მენეჯმენტში, ჯანდაცვაში, ბანკებში, სამთავრობო სექტორსა და IT-მიმართულებაში, რამაც მოგვიანებით საფუძველი ჩაუყარა Agile – მეთოდოლოგიას. 

შეჯამება

შენ უკვე იცი, რომ ტრენინგი არის უმოკლესი გზა თეორიიდან პრაქტიკულ შედეგამდე, სადაც მთავარი აქცენტი უნარების განვითარებაზე კეთდება. ახლა შენ უკვე გაქვს სრული სურათი: გაკვეთილი (ბაზა), ლექცია (ხედვა) და ტრენინგი (უნარი).

🎬 შემდეგ ლექციაზე: ახლა მთავარი კითხვაა როგორ არ აგვერიოს ეს სამი ფორმატი ერთმანეთში და რომელი ავირჩიოთ კონკრეტული ამოცანისთვის? შემდეგ ლექციაზე დავინახავთ „დიდ სურათს“, შევაჯამებთ ყველაფერს ერთიან მატრიცაში და ვისწავლით, როგორ ვაქციოთ ერთი ფორმატი მეორეს ნაწილად?