სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

ამ ნაწილში შევაჯამებთ მთავარ მომენტებს წინა ლექციებიდან. კერძოდ, ერთ ცხრილში გამოვაჩენთ სამივე ფორმატის პრაქტიკულ დანიშნულებას, რაც გაგიმარტივებს ფორმატის შერჩევას და რაც მთავარია შეძლებ მათ „გამიქსვას“ — მაგალითად: როგორ გადახვიდე მასწავლებლის როლიდან ტრენერისაზე, თუ  რომელიმე მოსწავლეს მეტი პრაქტიკა დააინტერესებს, ან როგორ გახდე წამით ლექტორი ტრენინგის დროს, თუ მონაწილეს მეტი თეორია დააინტერესებს. 

გაკვეთილი VS ლექცია VS ტრენინგი

ჩვენ უკვე ვიცით თითოეული ფორმატის ისტორია და ეტიმოლოგია. ვნახეთ, რომ ქრონოლოგიურად ჯერ „ლექცია“ გაჩნდა როგორც ტერმინი, შემდეგ „გაკვეთილი“ და ბოლოს „ტრენინგი“. თუმცა, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ადამიანი ჯერ „გაკვეთილის“ მეშვეობით იძენს ცოდნას, შემდეგ „ლექციას“ ესწრება და ბოლოს „ტრენინგს“. მოდი, შევადაროთ ეს სამი ფორმატი ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც მათ რეალურ ცხოვრებაში ვხვდებით.

შესადარებლად გამოვიყენოთ იგივე მახასიათებლები, ოღონდ ერთიან ჭრილში. ამ კითხვებზე პასუხები როგორც განმანათლებელს, გაგიადვილებს კონკრეტული მიზნისთვის სწორი ფორმატის შერჩევას. ხოლო, როგორც შემსწავლელს, გეცოდინება, თუ რას უნდა ელოდე თითოეული ფორმატისგან და რა იქნება შენი პასუხისმგებლობა:

  1. მიზანი — რატომ ვიკრიბებით? გაკვეთილის მიზანია საბაზისო ცოდნის/უნარის ჩამოყალიბება. ლექციის — საკითხის სიღრმეებში ჩასვლა, ხოლო ტრენინგის — პრაქტიკული უნარის განვითარება;
  2. გარემო — სად ტარდება? გაკვეთილი ზოგადსაგანმანათლებლო გარემოში (სკოლა, რეპეტიტორი, უცხო ენების ცენტრი); ლექციააკადემიურ გარემოში (უნივერსიტეტი, საჯარო გამოსვლა); ტრენინგიპროფესიულ/კორპორაციულ გარემოში (პროფესიული კოლეჯი, საკონფერნციო დარბაზი);
  3. განმანათლებლის როლი — რა როლი აქვს ცოდნის გადამცემ პირს? გაკვეთილზე — მასწავლებელი (სასწავლო პროცესის წარმმართველი და დისციპლინის გარანტი); ლექციაზე — ლექტორი (საკითხის ექსპერტი და თეორიული ცოდნის ავტორიტეტული წყარო); ტრენინგზე — ტრენერი (პრაქტიკული უნარის გამომუშავებაში ხელშემწყობი პირი);
  4. შემსწავლელის როლი — რა როლი აქვს ცოდნის მიმღებ პირს? გაკვეთილზე — მოსწავლე (პროცესის მიმყოლი, რომელიც ითვისებს საბაზისო ცოდნას); ლექციაზე — სტუდენტი (პასიური მსმენელი, რომელიც მხოლოდ ლექციის ბოლოს სვამს კითხვებს და აანალიზებს თეორიას); ტრენინგზე — მონაწილე (აქტიური მსმენელი, რომელიც გამუდმებით სვამს კითხვებს, რათა მარტივად გამოიმუშაოს საჭირო პრაქტიკული უნარი);
  5. ინტერაქცია — როგორია ჩართულობა? აკვეთილზე — ორმხრივი და მართვადი (მასწავლებელი აკონტროლებს დინამიკას, რათა მოსწავლე ბაზისურ ცოდნას არ ასცდეს); ლექციაზე — ცალმხრივი და აკადემიური (ძირითადი დრო ეთმობა ინფორმაციის გადაცემას, კითხვა-პასუხი კი ბოლოსთვის რჩება); ტრენინგზე — მრავალმხრივი და ცოცხალი (მონაწილეები მუდმივად არიან ჩართულები და საკუთარ გამოცდილებასაც აზიარებენ);
  6. შედეგი — რა მიმაქვს სახლში? გაკვეთილის შემთხვევაში  ბაზა (მაგალითად, ვიცით საგზაო ნიშნები და წესები, რაც აუცილებელია მანქანის მართვის სწავლისას); ლექციის შემთხვევაში ხედვა (გვესმის ძრავის მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ფიზიკა, რაც უფრო გააზრებულ მძღოლებად გვაქცევს); ხოლო ტრენინგის შემთხვევაში უნარი (ეს არის მომენტი, როდესაც საჭესთან ვჯდებით, ვგრძნობთ მუხრუჭს, ვსწავლობთ სიჩქარის გადართვას და მოქმედებები ავტომატიზმამდე მიგვყავს. აქ თეორია იქცევა რეალურ ქმედებად)

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გონება, ისააკ ნიუტონი, საკმაოდ მოსაწყენი ლექტორი იყო. კემბრიჯის უნივერსიტეტში მისი ლექციები იმდენად რთული და მონოტონური იყო, რომ სტუდენტები ხშირად საერთოდ არ მიდიოდნენ. იყო შემთხვევები, როცა ნიუტონი ცარიელ დარბაზში კითხულობდა ლექციას (რადგან წესით ევალებოდა). 

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (Dead Poets Society), რობინ უილიამსის პერსონაჟი (ჯონ კიტინგი) არღვევს „გაკვეთილის“ ტრადიციულ, პრუსიულ წესრიგს. ერთ სცენაში ის სტუდენტებს აიძულებს წიგნიდან შესავალი ამოხიონ, მეორეში კი — მერხებზე შედგნენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება „გაკვეთილის“ ფორმატში (სადაც წესით მასწავლებელი შემფასებელია), შემოვიდეს „ტრენინგის“ ელემენტები — ემოციური ჩართულობა და პიროვნული ზრდა.

სამახსოვრო 1. გაკვეთილი VS ლექცია VS ტრენინგი

 

… 

შეჯამება

ამრიგად, ამ თემაში ვნახეთ, რომ ადამიანის ინტელექტუალური ზრდა იწყება გაკვეთილით, რომელიც გვაძლევს გადარჩენისთვის აუცილებელ ბაზას; გრძელდება ლექციით, სადაც სამყაროს სიღრმისეულ ხედვას ვიძენთ და კულმინაციას აღწევს ტრენინგით, რომელიც მთელ ამ გამოცდილებას პრაქტიკულ უნარად და რეალურ, კარიერულ ძალად აქცევს. ეს არის გზა მოსწავლიდან – პროფესიონალამდე, სადაც ყოველი მომდევნო ეტაპი სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და შემოქმედებითობას მოითხოვს ჩვენგან.

გვახსოვდე, რომ სამივე ფორმატი მნიშვნელოვანია, თუმცა თითოეულს თავისი დრო და ადგილი აქვს. პროფესიონალი განმანათლებლის ხელოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იცოდეს, როდის ასწავლოს ადამიანს „საგზაო ნიშნები“, როდის „ძრავის მუშაობის პრინციპები“ და როდის „დასვას საჭესთან“.

მომდევნო თემაში: ახლა, როცა უკვე ვიცით, სწავლების ფორმატები – რას ვატარებთ, უნდა გადავწყვიტოთ — თუ როგორ? მომდევნო თემაში განვიხილავთ სწავლების ფორმებს: პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული? ვნახავთ, რომელ ფორმას რა უპირატესობა აქვს და აღმოვაჩენთ, როგორ შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებს დროისა და სივრცის დამარცხება.