წინა ეპიზოდის ბოლოს ვახსენეთ, რომ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. როცა მასწავლებელი გვერდით არ გიზის და არც ლექციის დაწყების ზარი ირეკება, შენს წინაშე ორი რჩევანია: 1. გახდე საკუთარი თავის საუკეთესო მწვრთნელი, ან 2. საერთოდ ვერ მიხვიდე ფინიშამდე. მოდი, ვნახოთ, რატომ არის ასინქრონული სწავლება ყველაზე ძლიერი იარაღი და ამავე დროს ყველაზე დიდი გამოცდა მოსწავლისთვის.
სწავლების ფორმების შედარება მოსწავლის თვალით
ამ ნაწილში ვნახავთ რომელ ფორმას რაში აქვს უპირატესობა მოსწავლისთვის ყველაზე საინტერესო 7 მახასიათებლის მიხედვით:
- დროისა და ადგილის მოქნილობა — შემიძლია როცა მინდა და სადაც მინდა მაშინ ვისწავლო? ამ მახასიათებლის მიხდვით უპირობო ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა. პირისპირ და დისტანციური ფორმებისგან განსხვავებით, აქ შენ არ ერგები განრიგს. პირიქით, განრიგი გერგება შენ – გაქვს საშუალება როცა ხასიათზე ხარ და დროც გაქვს მაშინ ისწავლო.
- სწავლის ტემპის ინდივიდუალური მართვა — შემიძლია როცა მინდა დავაპაუზო, ავაჩქარო ან თუ ნაცნობი საკითხია გამოვტოვო? ამ მახასიათებელშიც ასინქრონული ფორმა იმარჯვებს. აქ შენ გაქვს პაუზის, გადახვევისა და აჩქარების „ჯადოსნური“ ღილაკი, მაშინ როცა სინქრონული სწავლებისას ჯგუფის საშუალო სიჩქარეს უნდა აჰყვე.
- სასწავლო მასალასთან მუდმივი წვდომა — თუ რაიმე გამომრჩა, შემიძლია თავიდან ვნახო? აქაც ასინქრონული ლიდერობს. როგორც პირისპირ, ისე დისტანციური ფორმით სინქრონული სწავლისას, ლექცია შეხვედრის დასრულებისთანავე ქრება. ასინქრონულ ფორმაში კი ყველა სასწავლო მასალა მუდმივად შენთანაა, მათ შორის ლექციაც.
- რეალურ დროში ინტერაქცია — შემიძლია თუ არა მასწავლებელს დავუსვა კითხვა და მივიღო პასუხი ლექციის მსვლელობისას? ამ მახასიათებელში პირისპირ და დისტანციური სწავლების ფორმები „იყოფენ გამარჯვებას“. თუ შენთვის მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხიდ მყისიერად მიღება, მაშინ სინქრონული სწავლება უპირობო ლიდერია.
- სხვა მონაწილეთა გამოცდილების გაზიარება — ესწრებიან თუ არა ჩემი მსგავსი საჭიროების მქონე მონაწილეები რომელთა გამოცდილების მოსმენაც ასევე საინტერესო იქნება ჩემთვის? ამ მახასიათებელში ჩემპიონი უდაოდ პირისპირ სწავლებაა. ყავის შესვენებაზე სხვა სტუდენტებთან მიღებული ემოციური მუხტი და ახალი კონტაქტები (ე.წ. „ნეთვორქინგი“), ხშირად იმაზე მეტია, ვიდრე თავად ტრენინგი.
- საკუთარი თავის მართვის უნარების განვითარება — დამოუკიდებლად სწავლა შემიძლია თუ მასწავლებელმა უნდა „ჩამჭიდოს ხელი“? ასინქრონული ფორმატი აქ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. აი, აქ იწყება ნამდვილი ზრდა, მასწავლებელი „ხელს არ გკიდებს“, შენ ხარ საკუთარი თავის უფროსიც და მოტივატორიც. დამოუკიდებლად დაგეგმო დრო, დაძლიო სიზარმაცე და მიხვიდე ფინიშამდე, ეს ნამდვილად არ არის იოლი საქმე! შემთხვევითი არ არის, რომ საკუთარი თავის მართვის უნარები, იქნება ეს თვითმენეჯმენტი, თვითდისციპლინა, თვითორგანიზებულობა თუ პასუხისმგებლობის შეგრძნება – ყველა დროის ყველაზე მოთხოვნად რბილ უნარებად ითვლება. ამიტომაც, როდესაც დამოუკიდებლად ასრულებ დავალებებს, არამხოლოდ ივითარებ ასინქრონული კურსით გათვალისწინებულ უნარებს, არამედ ბონუსად, ხდები საკუთარი თავის საუკეთესო „მწვრთნელი“.
- სწავლის საფასური — რომელი უფრო იაფი დამიჯდება და რატომ? ამ მახასიათებელშიც ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა, რადგან ეს ფორმატი „მასშტაბის ეკონომიით“ მუშაობს. ტრენერმა სასწავლო მასალა ერთხელ ჩაწერა და დაამუშავა, ხოლო ახლა მას ასობით ადამიანი იყენებს. ამასთან, ტრენერს აქვს დრო, ვიდეოლექციებიდან ამოიღოს ზედმეტი და დატოვოს მხოლოდ აუცილებელი ნაწილი. შედეგად, შენ იღებ მაღალი ხარისხის ცოდნას მინიმალურ ფასად. ამიტომ, თუ საკმარისად მოტივირებული ხარ, ეს ფორმა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
სამახსოვრო 2.1. სწავლების ფორმები მოსწავლის თვალით

შეჯამება
ამით მოსწავლის თვალით დანახული შედარების ნაწილი მორჩა. რომ შევაჯამოთ, მოსწავლის პერსპექტივიდან სწავლების ფორმის შერჩევა, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობისა და თვითმენეჯმენტის შეფასებაა. თუ საკმარისი მოტივაცია არ გაქვს, და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის უშუალო მეთვალყურეობა, მაშინ პირისპირ ან დისტანციური სწავლების ფორმები სწორედ შენთვისაა. თუმცა, თუ საკმარისი მოტივაცია გაქვს, მაშინ ასინქრონული სწავლება საუკეთესო არჩევანია. შეიძლება ითქვას, ასინქრონული სწავლებისას ხდები საკუთარი თავის უფროსი. საკმარისია სწავლის ხასიათზე იყო, სწავლის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს და არც სხვა მონაწილეების ათვისების სიჩქარეზე ხარ დამოკიდებული. ეს კურსი ამის საუკეთესო მაგალითია. გარდა აქ მოსმენილი ინფორმაციისა, ივითარებ ასევე საკუთარი თავის მართვის უნარებს, რაც ნებისმიერ სხვა ცოდნაზე ძვირფასია.
მოსწავლისთვის ფორმის შერჩევა საკუთარი თვითდისციპლინის შეფასებაა. ასინქრონული ფორმატი არა მხოლოდ საგანს გასწავლით, არამედ ბონუსად გივითარებთ ყველაზე მოთხოვნად „რბილ უნარს“ – თვითმენეჯმენტს.
🎬 შემდეგ ლექციაზე: მოსწავლის პერსპექტივა გასაგებია, მაგრამ რა ხდება კულისებში? როგორ შეუძლია მასწავლებელს ასწავლოს მაშინ, როცა სძინავს? და რატომ შეიძლება იყოს იმპროვიზაცია მასწავლებლის ყველაზე დიდი მტერი ან მოკავშირე? შემდეგ ლექციაზე ამ ყველაფერს შევხედავთ მასწავლებლის თვალით.