სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

წინა ლექციის ბოლოს ვთქვით, რომ ასინქრონული სწავლისას მოსწავლე საკუთარი თავის უფროსი ხდება, თუმცა ეს თავისუფლება მასწავლებლისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს — როგორ უნდა ასწავლო ისე, რომ ეკრანის მიღმა მყოფი ადამიანის ემოციებიც მართო, მისი ყურადღებაც შეინარჩუნო და ამავდროულად, შექმნა დროის ისეთი „მანქანა“, რომელიც შენს ნაცვლად იმუშავებს? დღეს კულისებში შევიხედავთ და ვნახავთ, რატომ არის მასწავლებლისთვის ასინქრონული მოდელი ერთდროულად ყველაზე რთული პროფესიული გამოწვევაც და ყველაზე დიდი სტრატეგიული ჯილდოც.

სწავლების ფორმების შედარება მასწავლებლის თვალით

ახლა ვნახოთ, რომელი ფორმატია უფრო მომგებიანი შენთვის, როგორც კურსის ავტორისთვის. აქ მოცემულია შედარება განმანათლებლისთვის ყველაზე საინტერესო 6 მახასიათებლის მიხედვით:

  1. მომზადების დრო და რესურსი — რამდენად დიდია საწყისი „ენერგეტიკული ინვესტიცია“ და მომიწევს თუ არა ერთი და იმავე საკითხის „ათასჯერ“ ახსნა? ამ მახასიათებელში ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა. ერთხელ ხარჯავ ენერგიას და აღარ გიწევს სხვადასხვა ჯგუფთან ერთი და იმავე თემის ახსნა. ასეთი პრივილეგიის მოცემა სინქრონული სწავლების არც პირისპირ და არც დისტანციურ ფორმას არ შეუძლია. თუმცა, პირისპირთან შედარებით, დისტანციური მაინც მეორე ადგილზეა რადგან არ საჭიროებს ფიზიკურ სივრცეს.
  2. სასწავლო მასალის ხარისხი — მაქვს თუ არა შანსი, ჩემი ცოდნა „გავცხრილო“, დავხვეწო და იდეალურ ფორმაში მივაწოდო? აქაც ასინქრონული სწავლება იმარჯვებს. გაქვს შესაძლებლობა ვიდეოს გამოქვეყნებამდე ამოჭრა ზედმეტი პაუზები და დატოვო მხოლოდ აუცილებელი ნაწილი. ამასთან, გამოსახულებაც და ხმაც ჩაიწერო პროფესიონალური კამერითა და მიკროფონით. პირისპირ ან დისტანციური სწავლება სინქრონულად, „ლაივ“ რეჟიმში მიმდინარეობს. „ლაივში“ კი მონტაჟის საშუალება არ გაქვს და თუ კამერა, მიკროფონი ან ინტერნეტი „გაგიჭედავს“, რჩება „გაჭედილი“, ხარვეზიანი ნაწილის ამოჭრის საშუალება არ გაქვს. 
  3. იმპროვიზაციის შესაძლებლობა შემიძლია თუ არა სწავლების პროცესში შევცვალო გეგმა და მოვერგო აუდიტორიის რეაქციას? აქ სინქრონული სწავლების პირისპირ და დისტანციური ფორმები ლიდერობენ. ცოცხალი ინტერაქციისას შეგიძლია მომენტალურად უპასუხო მოულოდნელ კითხვას ან შეცვალო ახსნის სტილი, თუ ხედავ, რომ სტუდენტებს უჭირთ გაგება. ასინქრონული სწავლება ამ მხრივ „ხისტია“ — მასალა უკვე ჩაწერილია და მასში ცვლილების შეტანა ხელახალ მონტაჟს ან გადაღებას მოითხოვს.
  4. ჩართულობისა და უკუკავშირის მართვა რამდენად მარტივია ჯგუფის ყურადღება „ხელში მეჭიროს“ და მქონდეს მყისიერი რეაქცია მათ პროგრესზე? ამ მახასიათებელში პირისპირ სწავლება ლიდერობს. აუდიტორიაში ყოფნისას ხედავ ყველას თვალებს და ყურადღების მართვა გაცილებით ეფექტურია. მეორე ადგილზე იქნება დისტანციური სწავლება. დისტანციურშიც არის საშუალება მონაწილეს დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა რათა მიხვდე რამდენად ყურადღებით გისმენს, მიუხედავად იმისა, კამერა ჩართული აქვს თუ არა. ასინქრონულშიც შესაძლებელია  უკუკავშირი, ოღონდ არა მყისიერად, ჩატებისა და ჯგუფების საშუალებით. 
  5. მასშტაბირებისა და პასიური შემოსავლის პოტენციალიშემიძლია თუ არა ათასობით ადამიანს ერთდროულად ვასწავლო ისე, რომ ჩემი დრო პირდაპირ არ იყიდებოდეს? ჩემი შემოსავალი შემდგარ ჯგუფებზეა დამოკიდებული, თუ ერთ ადამიანსაც შეუძლია შეძენა? აქ უპირობო ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა. შენი შრომა აღარ არის მიბმული კალენდარზე — კურსი მუშაობს მაშინაც, როცა შენ გძინავს. ფაქტობრივად, ქმნი ციფრულ აქტივს, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით იყიდება ერთზეც და მილიონზეც, განსხვავებით სინქრონული მოდელისა, სადაც შენი შემოსავლის მაქსიმუმი ფიზიკურად ჩატარებული საათების რაოდენობაა.

სამახსოვრო 2.2. სწავლების ფორმებ მასწავლებლის თვალით

შეჯამება

ამით მასწავლებლის თვალით დანახული შედარებაც მორჩა. თუ შენთვის მთავარი ემოციური უკუკავშირი და იმპროვიზაციაა, მაშინ სინქრონული სწავლების პირისპირ და დისტანციური ფორმები შენი სტიქიაა. თუმცა, თუ გსურს შექმნა სისტემა, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იმუშავებს, დაზოგავს შენს ენერგიას და მოგცემს მასშტაბირების საშუალებას, მაშინ ასინქრონული სწავლება საუკეთსო არჩევანია. ასინქრონული სწავლება გაძლევს საშუალებას შეწყვიტო „საათების გაყიდვა“ და შექმნა ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა სხვა საქმით ხარ დაკავებული ან სულაც გძინავს.

ამ ლექციაზე დავინახეთ, რომ სწავლების ფორმის შერჩევა სტრატეგიული არჩევანია. პირისპირ სწავლება შეუცვლელია ემოციური კავშირისთვის, დისტანციური გვათავისუფლებს გეოგრაფიული ბარიერებისგან, ხოლო ასინქრონული სწავლება გვაძლევს სრულ თავისუფლებას როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. 

🎬 შემდეგ თემაში: ახლა, როცა უკვე ვიცით რას ვატარებთ და როგორ? ჩნდება კითხვა: სად და რა სისტემით ვსწავლობთ? მომდევნო თემა ეთმობა განათლების სისტემებს – ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური განათლება. აღმოვაჩენთ, რატომ შეიძლება იყოს მეგობართან ყავაზე საუბრისას მიღებული ცოდნა უფრო ღირებული, ვიდრე 4-წლიანი აკადემიური ხარისხი? სად გადის ზღვარი „დიპლომსა“ და „ნამდვილ კომპეტენციას“ შორის.