სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

წარმოიდგინე, რომ შუა საუკუნეების ბიბლიოთეკაში ხარ, სადაც წიგნი იშვიათი ფუფუნებაა და მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს მისი წაკითხვის უფლება, დანარჩენები კი სუნთქვაშეკრულები უსმენენ. სწორედ ასე დაიბადა ლექცია — როგორც ცოდნის გაზიარების ყველაზე ძველი და მისტიკური ფორმატი. ამ ნაწილში ვნახავთ, როგორ გადაიქცა ეს უძველესი ტრადიცია თანამედროვე სწავლების უძლიერეს ინსტრუმენტად და რატომ არის ის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ „ბევრი ლაპარაკი“ აუდიტორიის წინაშე.

ლექცია / Lecture

თანამედროვე გაგებით, ლექცია შეიძლება ასე განიმარტოს: ლექტორი აკადემიურ გარემოში გადასცემს სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას სტუდენტებს. 

წარმოშობა

სანამ უშუალოდ მახასიათებლებზე გადავალთ, ვნახოთ, საიდან მოდის ეს ფორმატი:

  • როდის და სად გაჩნდა: დამკვიდრდა მე-11-13 საუკუნეების ევროპაში, ბოლონიის, სორბონის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტების გაჩენასთან ერთად, როდესაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე აკადემიური სწავლების სისტემას.
  • ეტიმოლოგია: ტერმინი „ლექცია“ შემთხვევით არ შერჩეულა. იგი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „lectūra“, რაც ხმამაღლა კითხვას ნიშნავს. რატომ „ხმამაღლა კითხვა“? იმ დროს, როდესაც ეს ფორმატი ზემოაღნიშნულ ევროპულ უნივერსიტეტებში მკვიდრდებოდა, წიგნი ხელით იწერებოდა და წარმოუდგენლად ძვირი ღირდა. ლექტორი იყო ერთადერთი, ვისაც წიგნი ეჭირა — ის კითხულობდა ტექსტს და შიგადაშიგ საკუთარ კომენტარებს აკეთებდა. დღეს წიგნი სლაიდებმა შეცვალა, მაგრამ არსი იგივე დარჩა: სიღრმისეული თეორიული ცოდნის გადაცემა.

მახასიათებლები

ლექციის არსის გასაგებად, გამოვიყენოთ მახასიათებლები, რომლებიც პასუხს სცემენ 6 კითხვას როგორც განმანათლებლის, ისე შემსწავლელის თვალით: რატომ ვიკრიბებით? სად ტარდება? რა როლი აქვს ცოდნის გადამცემ პირს (განმანათლებელს)? რა როლი აქვს ცოდნის მიმღებ პირს (შემსწავლელს)? როგორია ჩართულობა? რა მიმაქვს სახლში?

  1. მიზანი — რატომ ვიკრიბებით? ლექციის მიზანია საკითხის სიღრმეებში ჩასვლა და აზროვნების სტიმულირება. მაგალითად, ეკონომიკის ლექტორი სიღრმისეულად აცნობს სტუდენტებს ეკონომიკურ თეორიებს;
  2. გარემო — სად ტარდება? ლექცია ძირითადად ტარდება აკადემიურ გარემოში. მაგალითად, უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო კონფერენცია, საჯარო ლექცია;
  3. განმანათლებლის როლი — რა როლი აქვს ცოდნის გადამცემ პირს? ლექციაზე განმანათლებელი არის ლექტორის როლში. ის არის საკითხის ექსპერტი და თეორიული ცოდნის ავტორიტეტული წყარო, პროცესის ცენტრალური ფიგურა, რომელიც ხსნის კონცეფციებს;
  4. შემსწავლელის როლი — რა როლი აქვს ცოდნის მიმღებ პირს? ლექციაზე შემსწავლელი არის სტუდენტის როლში. ის არის პასიური მსმენელი, რომელიც აანალიზებს თეორიულ მასალას და მხოლოდ ლექციის ბოლოს სვამს კითხვებს.
  5. ინტერაქცია — როგორია ჩართულობა? კომუნიკაცია არის ცალმხრივი და აკადემიური. ძირითადი დრო ეთმობა ინფორმაციის გადაცემას, კითხვა-პასუხი კი ბოლოსთვის რჩება.
  6. შედეგი — რა მიმაქვს სახლში? სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს საკითხის სიღრმისეული ხედვა. კულინარიის მაგალითზე: მან ზედმიწევნით იცის კერძის მომზადების ქიმიური პროცესები, ტემპერატურული რეჟიმები და გემოების შეხამების პრინციპები, რაც საშუალებას აძლევს, თეორიულად სწორად შეაფასოს ნებისმიერი რეცეპტი.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): ანტიკურ ეპოქაში სწავლება ამფითეატრულ სივრცეში მიმდინარეობდა: მასწავლებელი იდგა ქვემოთ, ხოლო მსმენელები — საფეხურებად აღმავალ რიგებში. ეს განლაგება აკუსტიკას ემსახურებოდა, რათა ხმა აუდიტორიის ბოლომდეც მისულიყო. ადრეულ შუა საუკუნეებში განათლება საეკლესიო სივრცეში გადავიდა და ფორმატიც შეიცვალა — მასწავლებლის კათედრა მაღლა განთავსდა, რაც არა მხოლოდ იერარქიას, არამედ ხმის უკეთ გავრცელებას უზრუნველყოფდა. შემთხვევითი არ არის სიტყვა „აუდიტორია“  (ლათინურად Auditorium) —  „მოსასმენ ადგილს“ ნიშნავს. დღეს წიგნი სლაიდმა შეცვალა, თუმცა სწავლების ფორმატი კვლავ თეორიული ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული.

შეჯამება

„ლექციის“ ნამდვილი არსის გაგება დაგეხმარება, უბრალო საუბარი ინტელექტუალურ თავგადასავლად აქციო. შენ უკვე იცი, რომ ლექცია აკადემიური საფუძველია, სადაც ცოდნა „მოსასმენი ადგილიდან“ იწყება. მაგრამ, საკმარისია მხოლოდ მოსმენა?

🎬 შემდეგ ლექციაზე: იცოდი, რომ არსებობს ფორმატი, რომელიც ბერძნულ იდეას, რომაულ სტრუქტურასა და პრუსიულ დისციპლინას აერთიანებს? შემდეგ ლექციაზე გაიგებ, რატომ არის „გაკვეთილი“ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ სკოლა და როგორ უკავშირდება მისი ქართული ეტიმოლოგია ლათინურს?