კურსის აღწერაში მოვიყვანეთ ივანე ჯავახიშვილის ხედვა — „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა“.
კრიტიკულად რომ შევხედოთ, თუ დამოუკიდებელი აზროვნებაა მთავარი, მაშინ საერთოდ რა საჭიროა სწავლება ხომ? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი აქვს ისააკ ნიუტონს — „თუ მე სხვებზე შორს ვიხედები, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ“.
ჩემი ნება რომ იყოს, თანამედროვე სწავლების ძირითად ღირებულებად ვაქცევდი ამ ორი ხედვის გაერთიანებულ ვარიანტს: თანამედროვე სწავლების მიზანია დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა, რომელიც ავითარებს არსებულ ცოდნას და აუმჯობესებს მომავალს.
ასევე, ჩემი ნება რომ იყოს, სწავლებას, რომელიც ამ ხედვას ითვალისწინებს, დავარქმევდი არა პროფესიულ საქმიანობას, არამედ ხელოვნებას, უფრო სწორად „თანამედროვე სწავლების ხელოვნებას“. ეს ესაა, თქვენს თვალწინ გაჩნდა MoTArt — მეთოდოლოგია (Modern Teaching Art), რომლის მთავარი ღირებულებაა დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა.
დავუბრუნდეთ თემას, გამოვცადოთ ეს მეთოდოლოგია პრაქტიკაში.
ამ თემაში მიმოვიხილავთ სწავლების სამ მთავარ ფორმატს — გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს. ვნახავთ სწორი ფორმატის შერჩევით როგორ გარდაიქმნება ცოდნა ჯერ დამოუკიდებელ აზროვნებად, ხოლო შემდეგ საქმედ, რომელიც აუმჯობესებს მომავალს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ინტელექტუალურ სამყაროში. შეგახსენებ, მე პაატა ცაგარეიშვილი ვარ, შენი მენტორი და თანამგზავრი ამ მოგზაურობაში. მაშ ასე დავიწყოთ, თემა პირველი, ლექცია პირველი: როგორ ვითარდება ცოდნა
დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა რომ შევძლოთ, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ასეთი ხომ? ამიტომაც, ამ კურსიდან ყველაზე მეტს წაიღებ იმ შემთხვევაში, თუ არა მხოლოდ მოისმენ, არამედ დამოუკიდებლად აზროვნების უნარსაც გაავარჯიშებ. ამისათვის საჭიროა დააპაუზო ვიდეო როდესაც დაპაუზების ნიშანს (⏸️) დაინახავ და სასწავლო მასალაში იპოვო დამატებითი ინფორმაცია სლაიდზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
პირველი, რაც დამოუკიდებელ მოაზროვნეს სჭირდება, არის ინფორმაცია. ის არა მხოლოდ ფლობს, არამედ მართავს მას და ქმნის უნიკალურ გამოცდილებას.
მეორე, რაც დამოუკიდებელ აზროვნებას ავითარებს, არის წარმოსახვა. თუ დავუჯერებთ ალბერტ აინშტაინს — „ცოდნა მიგიყვანს „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში, ხოლო წარმოსახვა — ყველგან“.
დღეს ინფორმაციის მიღებისა და წარმოსახვის სტიმულირების უამრავი საშუალება არსებობს, კომპიუტერიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით (AI) დამთავრებული. თუმცა იყო დრო, ადამიანს წიგნიც კი არ ჰქონდა რომ არაფერი ვთქვათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე.
მოდი ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ინფორმაციის მიღებასა და წარმოსახვაში დავიხმაროთ თანამედროვე საშუალებები და ვნახოთ, თუ რამდენად დააჩქარა ცოდნის მიღებისა და განვითარების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებმა.
ხელოვნურ ინტელექტს (AI) გავაკეთებინოთ მაგალითად, ისააკ ნიუტონის ციტატის შესაბამისი ფოტო. საინტერესოა ვის „მხრებზე“ იდგა ის, ახლა ვინ დგას ნიუტონის „მხრებზე“ და როგორ იკავებენ დამოუკიდებელი მოაზროვნეები ამ პირამიდის მწვერვალს.
(თანმიმდევრობით დააწკაპე რიგის ნომრებზე)
ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორ ავითარებს ცოდნას დამოუკიდებელი აზროვნება. მსგავსი პირამიდის გამოყენება შეგიძლია ნებისმიერი ლექციისთვის, სადაც ცოდნის გაღრმავება გჭირდება: როგორ განვითარდა მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, საბაჟო საქმე, საგადასახადო საქმე, ბუღალტერია და ა.შ. გააჩნია რა სფეროს ასწავლი.
ახლა გონება შევასვენოთ და გადავიდეთ დამოუკიდებელ სავარჯიშოზე. პირველ რიგში გავარკვიოთ რამდენად ხარ დამოუკიდებელი მოაზროვნე შენ თვითონ. ამის დასადგენად უპასუხე კითხვას: ცხოვრებაში უფრო მძროლი ხარ თუ მგზავრი? სანამ კითხვას გააგრძელებ, გთხოვ ჯერ გონებაში მაქსიმალურად გულწრფელად უპასუხო. უპასუხე? მაშინ გადადი შემდეგ აბზაცზე:
თუ მძღოლი ხარ, მომილოცავს! დამოუკიდებელი აზროვნების გზას ადგახარ, იმიტომ, რომ მძღოლს შეუძლია დამოუკიდებლად მივიდეს ყველგან, ხოლო მგზავრს — არა! თუ მგზავრი ხარ, მოგიწევს „საჭესთან გადაჯდომა“, სხვანაირად ეს მეთოდოლოგია არ მუშაობს 😉
გავაგრძელოთ ლექცია და ამჯერად ვნახოთ როგორ განვითარდა სწავლების კულტურა საქართველოში. სტანდარტული მასწავლებელი მოამზადებდა ლექციას, სადაც სლაიდებზე წარმოდგენილი იქნებოდა ქართველ განმანათლებელთა ისტორიები. ასეთი მიდგომა შესაძლოა საინტერესოა, თუმცა არ ავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას.
ჩვენი მეთოდოლოგიით კი, გთხოვ, „გადაჯდე საჭესთან“, დააპაუზო ვიდეო და დამატებით ინფორმაციაში გაეცნო ორ პირამიდას. პირველში მოცემულია ქართველ განმანათლებელთა, ხოლო მეორეში პოლიტიკოსთა წვლილი საქართველოში სწავლების კულტურის განვითარების საქმეში, დავით აღმაშენებლიდან დღემდე.
(თანმიმდევრობით დააწკაპე რიგის ნომრებზე)
(თანმიმდევრობით დააწკაპე რიგის ნომრებზე)
როგორც ხედავ, სწავლების კულტურას საქართველოში საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. გამიხარდება, თუ შენი საქმიანობით თუნდაც ერთი დამოუკიდებელი მოაზროვნე შემატება ამ ისტორიას.
თუ აღმოაჩინე ვინ ან რა აკლია ცოდნის სამივე პირამიდაში არსებულ ინფორმაციას და გაგიჩნდა მათი გაუმჯობესების სურვილი, სწორი მიმართლებით მიდიხარ! თანამედროვე სწავლების მთავარი ღირებულებაც ხომ სწორედ ესაა — განავითარო არსებული ცოდნა და გააუმჯობესო მომავალი.
რომ შევაჯამოთ: ამ ადამიანთა ცხოვრება ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი აზროვნება არის სწორედ ის ძალა, რომელიც ცოდნას მოქმედებად აქცევს. მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს თავადაც ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ მოაზროვნედ და მოსწავლეებსაც დაეხმაროს შაბლონებს მიღმა გასვლაში. მასწავლებელი ხომ სწორედ მაშინ იმარჯვებს, როდესაც მისი მოსწავლე დამოუკიდებელ პიროვნებად ყალიბდება. ამისათვის კი აუცილებელია ზუსტად იცოდე, როდის, სად და როგორ გამოიყენო სწავლების ფორმატები — გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი.
🎬 შემდეგ ლექციაზე: იცოდი, რომ ქრონოლოგიურად ჯერ ლექცია გაჩნდა, შემდეგ გაკვეთილი, ბოლოს კი ტრენინგი? მომდევნო ვიდეოში ვნახავთ, რატომ ეძახდნენ ლექციას „ხმამაღლა კითხვას“ და როგორ იქცა ის დღეს სწავლების ყველაზე აკადემიურ ფორმატად.
დროებით, შევხვდებით მომდევნო ლექციაზე!