ამ ნაწილში შევაჯამებთ მთავარ მომენტებს წინა ლექციებიდან. კერძოდ, ერთ ცხრილში გამოვაჩენთ სამივე ფორმატის პრაქტიკულ დანიშნულებას, რაც გაგიმარტივებს ფორმატის შერჩევას და რაც მთავარია შეძლებ მათ „გამიქსვას“ — მაგალითად: როგორ გადახვიდე მასწავლებლის როლიდან ტრენერისაზე, თუ რომელიმე მოსწავლეს მეტი პრაქტიკა დააინტერესებს, ან როგორ გახდე წამით ლექტორი ტრენინგის დროს, თუ მონაწილეს მეტი თეორია დააინტერესებს.
ჩვენ უკვე ვიცით თითოეული ფორმატის ისტორია და ეტიმოლოგია. ვნახეთ, რომ ქრონოლოგიურად ჯერ „ლექცია“ გაჩნდა როგორც ტერმინი, შემდეგ „გაკვეთილი“ და ბოლოს „ტრენინგი“. თუმცა, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ადამიანი ჯერ „გაკვეთილის“ მეშვეობით იძენს ცოდნას, შემდეგ „ლექციას“ ესწრება და ბოლოს „ტრენინგს“. მოდი, შევადაროთ ეს სამი ფორმატი ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც მათ რეალურ ცხოვრებაში ვხვდებით.
შესადარებლად გამოვიყენოთ იგივე მახასიათებლები, ოღონდ ერთიან ჭრილში. ამ კითხვებზე პასუხები როგორც განმანათლებელს, გაგიადვილებს კონკრეტული მიზნისთვის სწორი ფორმატის შერჩევას. ხოლო, როგორც შემსწავლელს, გეცოდინება, თუ რას უნდა ელოდე თითოეული ფორმატისგან და რა იქნება შენი პასუხისმგებლობა:
(დამატებითი ინფორმაცია 1): ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გონება, ისააკ ნიუტონი, საკმაოდ მოსაწყენი ლექტორი იყო. კემბრიჯის უნივერსიტეტში მისი ლექციები იმდენად რთული და მონოტონური იყო, რომ სტუდენტები ხშირად საერთოდ არ მიდიოდნენ. იყო შემთხვევები, როცა ნიუტონი ცარიელ დარბაზში კითხულობდა ლექციას (რადგან წესით ევალებოდა).
(დამატებითი ინფორმაცია 2): ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (Dead Poets Society), რობინ უილიამსის პერსონაჟი (ჯონ კიტინგი) არღვევს „გაკვეთილის“ ტრადიციულ, პრუსიულ წესრიგს. ერთ სცენაში ის სტუდენტებს აიძულებს წიგნიდან შესავალი ამოხიონ, მეორეში კი — მერხებზე შედგნენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება „გაკვეთილის“ ფორმატში (სადაც წესით მასწავლებელი შემფასებელია), შემოვიდეს „ტრენინგის“ ელემენტები — ემოციური ჩართულობა და პიროვნული ზრდა.
…
ამრიგად, ამ თემაში ვნახეთ, რომ ადამიანის ინტელექტუალური ზრდა იწყება გაკვეთილით, რომელიც გვაძლევს გადარჩენისთვის აუცილებელ ბაზას; გრძელდება ლექციით, სადაც სამყაროს სიღრმისეულ ხედვას ვიძენთ და კულმინაციას აღწევს ტრენინგით, რომელიც მთელ ამ გამოცდილებას პრაქტიკულ უნარად და რეალურ, კარიერულ ძალად აქცევს. ეს არის გზა მოსწავლიდან – პროფესიონალამდე, სადაც ყოველი მომდევნო ეტაპი სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და შემოქმედებითობას მოითხოვს ჩვენგან.
გვახსოვდე, რომ სამივე ფორმატი მნიშვნელოვანია, თუმცა თითოეულს თავისი დრო და ადგილი აქვს. პროფესიონალი განმანათლებლის ხელოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იცოდეს, როდის ასწავლოს ადამიანს „საგზაო ნიშნები“, როდის — „ძრავის მუშაობის პრინციპები“ და როდის „დასვას საჭესთან“.
მომდევნო თემაში: ახლა, როცა უკვე ვიცით, სწავლების ფორმატები – რას ვატარებთ, უნდა გადავწყვიტოთ — თუ როგორ? მომდევნო თემაში განვიხილავთ სწავლების ფორმებს: პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული? ვნახავთ, რომელ ფორმას რა უპირატესობა აქვს და აღმოვაჩენთ, როგორ შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებს დროისა და სივრცის დამარცხება.