განმანათლებლის როლები და ინსტრუმენტები
განმანათლებლის როლები და ინსტრუმენტები
0% Completed

ყოველდღიურ მეტყველებაში ამ ორ სიტყვას ხშირად სინონიმებად ვიყენებთ, თუმცა მათ მიღმა სწავლების სრულიად განსხვავებული ფილოსოფია დგას. მთავარი განსხვავება არა აუდიტორიის ასაკში, არამედ იმ პასუხისმგებლობის ხარისხშია, რომელსაც განმანათლებელი იღებს.

რას გულისხმობს

სანამ შედრებაზე გადავალთ, ვნახოთ, რას გულისხმობს ეს როლები:

მასწავლებელი — ეს არის ადამიანი, რომელიც აშენებს ბაზისს. მისი მთავარი ფუნქცია არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ სწავლის ჩვევის ჩამოყალიბება და ფუნდამენტური უნარების განვითარებაა. მასწავლებელი „ხელს ჰკიდებს“ მოსწავლეს და მიჰყავს შედეგამდე. აქ პასუხისმგებლობა სწავლის შედეგზე მეტწილად მასწავლებელზეა.

ლექტორი — მისი როლი უფრო აკადემიური და სპეციალიზებულია. ლექტორი არის ექსპერტი, რომელიც გადმოგვცემს კონკრეტულ ცოდნას. ის გვიკითხავს ლექციას (აქედანაა მისი სახელიც). ლექტორის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სწავლაზე მოსწავლეზე/სტუდენტზე გადადის — ლექტორმა მოგცა ინფორმაცია, ხოლო აითვისებ თუ არა მას, ეს უკვე შენი არჩევანია.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): მოდი, ჩავიხედოთ ეტიმოლოგიაში. სიტყვა „მასწავლებელი“ ქართულად „სწავლის მიმცემს“ ნიშნავს, რაც პროცესზე ორიენტირებულობას უსვამს ხაზს. ხოლო „ლექტორი“ ლათინური lector-იდან მოდის და ნიშნავს „მკითხველს“. გახსოვს ალბათ 1.1 ლექციიდან, შუა საუკუნეების უნივერსიტეტებში ლექტორი იყო ადამიანი, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იშვიათ ხელნაწერ წიგნებს, სტუდენტები კი ინიშნავდნენ. დღესაც, ლექტორის მთავარი ინსტრუმენტი ნარატივია, მასწავლებლის კი — ინსტრუქცია და მეთვალყურეობა.

მასწავლებელი VS ლექტორი

ამ ორ როლს შორის განსხვავების დასანახად, გამოვიყენოთ ჩვენი 4 მახასიათებელი:

  1. ფოკუსი: მასწავლებელი ფოკუსირებულია მოსწავლეზე. მისი მიზანია, მოსწავლემ გაიგოს და აითვისოს ბაზისი. ლექტორი ფოკუსირებულია საგნით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე. მისი მიზანია, მასალა სრულყოფილად გადმოსცეს;
  2. პასუხისმგებლობა: მასწავლებლს შემთხვევაში პასუხისმგებლობა მასწავლებელზეც არის და მოსწავლეზეც. მაგალითად, თუ მოსწავლემ ვერ გაიგო, მასწავლებელი ეძებს ახალ გზებს ასახსნელად. ლექტორის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უმეტესად სტუდენტზეა. ლექტორმა ინფორმაცია გასცა, მისი ათვისება კი მსმენელის ავტონომიური გადაწყვეტილებაა; 
  3. მთავარი ინსტრუმენტი: მასწავლებლის ძირითადი იარაღი სწავლა და სწავლებაა (Teaching & Learning). ის მუდმივად ზრუნავს პროცესზე — როგორ მიაწოდოს და როგორ აათვისებინოს ბაზისი. ხოლო ლექტორის მთავარი ინსტრუმენტი ნარატივი და სთორითელინგია. ლექტორი „ამბის მთხრობელია“, რომელიც ექსპერტული ნარატივითა და საინტერესო ისტორიებით ცდილობს მსმენელამდე ცოდნის მიტანას. ამ ინსტრუმენტებს მეორე თემაში სიღრმისეულად განვიხილავთ;
  4. დისტანცია: მასწავლებელის შემთხვევაში ახლო (იერარქიული). ის არის ავტორიტეტი, რომელიც მუდმივად გვერდით უდგას მოსწავლეს; ლექტორის შემთხვევაში  დისტანცირებული. ის დგას სცენაზე ან ეკრანს მიღმა), და ცდონას გადასცემს ერთდროულად ბევრ ადამიანს (შესაძლოა 100-ზე მეტსაც კი).

რატომ გვერევა ეს როლები? ხშირად ლექტორები მასწავლებლის ამპლუაში შედიან, როცა ხედავენ, რომ აუდიტორიას ბაზისი აკლია, ხოლო მასწავლებლები ლექტორად იქცევიან, როცა ავიწყდებათ ინდივიდუალური მიდგომა და მხოლოდ „მასალის გადაცემაზე“ გადადიან.

შეჯამება

მასწავლებელი აშენებს ფუნდამენტს, ლექტორი კი — ამ ფუნდამენტზე მაღალ სართულებს (აკადემიურ ცოდნას). მასწავლებელი პასუხისმგებელია სწავლაზე, ლექტორი — სწავლებაზე. სად გადის ზღვარი? თანამედროვე განმანათლებელმა უნდა იცოდეს, როდის გამოიყენოს თითოეული მათგანი:

  • თუ შენს აუდიტორიას საგანში ბაზისი არ აქვს — შენ უნდა იყო მასწავლებელი.
  • თუ შენი აუდიტორია უკვე მომზადებულია და მათ მხოლოდ შენი ექსპერტული ხედვა სჭირდებათ — შენ ხდები ლექტორი.

შეცდომაა, როცა სკოლაში ლექციებს კითხულობენ (მოსწავლეებს ჯერ ბაზისი სჭირდებათ) ან როცა პროფესიულ ტრენინგზე მასწავლებელივით „ზედამხედველობენ“ ზრდასრულებს (მათ ექსპერტული გაზიარება სჭირდებათ).

🎬 შემდეგ ლექციაზე: თუ მასწავლებელი და ლექტორი ცოდნაზე არიან ორიენტირებულნი, რა ხდება მაშინ, როცა ჩვენი მიზანი კონკრეტული უნარის ათვისებაა? რა განსხვავებაა იმ ადამიანს შორის, ვინც გვაჩვენებს „როგორ გავაკეთოთ“ და მას შორის, ვინც გვეუბნება „როგორ გავიზარდოთ“? შემდეგ ეპიზოდში შევადარებთ ტრენერსა და მენტორს.