თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება
თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება
0% Completed

ყველა ჩვენგანი ნამყოფია გაკვეთილზე, ლექციაზე ან ტრენინგზე პირისპირ სწავლების ფორმით. ალბათ შენც გიგრძვნია ის შეზღუდვები, რაც დროსა და ადგილზე მიჯაჭვულობას ახლავს: ტრენინგზე დაგვიანება საცობის გამო, ან უბრალოდ ის მომენტი, როცა კონკრეტულ დროს სწავლის განწყობა საერთოდ არ გაქვს. ამ ლექციაზე პასუხს გავცემთ კითხვას შესაძლებელია თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დროისა და სივრცის დამარცხება? 

უფრო ზუსტად, ერთმანეთს შევადარებთ პირისპირ, დისტანციური და ასინქრონული სწავლების ფორმებს. ლექციის ბოლოს გექნება პასუხი ორ კითხვაზე: როგორც მოსწავლეს, შეგიძლია თუ არა სწავლა მაშინ, როდესაც სწავლის ხასიათზე ხარ? და როგორც მასწავლებელს, შეგიძლია თუ არა ასწავლო მაშინ როდესაც გძინავს? 

შეგახსენებ, რომ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, აუცილებელია დააპაუზო ვიდეო ყოველ ჯერზე, როცა ეკრანზე პაუზის ნიშანს დაინახავ ⏸️. ასე შეძლებ გაეცნო დამატებით საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ვიდეოში არ არის ნახსენები, მაგრამ შენს პროფესიულ ხედვას მნიშვნელოვნად გააფართოებს.

მაშ ასე, დავიწყოთ!

პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული? — ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ტექნიკური არჩევანია, თუმცა რეალურად, თითოეული მათგანი სწავლა- სწავლების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის. ამ ლექციაზე სწავლების ფორმებს შევადარებთ ერთმანეთს მოსწავლისა და მასწავლებლის თვალით – რომელს რა უპირატესობა აქვს? ლექციის ბოლოს მიხვდები, როგორ შეიძლება სწავლაც და სწავლებაც იქცეს თვითორგანიზებული ადამიანის პრივილეგიად — როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის.

თუმცა, სანამ შედარებაზე გადავალთ, ჯერ განვმარტოთ ამ ფორმებიდან რომელი რას გულისხმობს: 

პირისპირ სწავლება — ეს არის ტრადიციული, სინქრონული სწავლების ფორმა, სადაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სივრცეში იმყოფებიან.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): იცოდი, რომ პირისპირ სწავლებისას კომუნიკაციის 80%-ზე მეტი არავერბალურია? სხეულის ენა, მზერა და ხმის ტემბრი ქმნის იმ „უხილავ კავშირს“, რასაც სოციალური დასწავლა ჰქვია. კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური თანაყოფნა ზრდის ოქსიტოცინის დონეს, რაც ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებასა და გუნდურ მუშაობას. პირისპირ სწავლების პირველი კლასიკური მაგალითია სოკრატეს „პერიპატეტიკული სწავლება“ (სწავლა სეირნობისას) — სწავლება სივრცეში მოძრაობით, ცოცხალი დიალოგითა და უშუალო ურთიერთქმედებით. ეს პირისპირ სწავლების ყველაზე ცოცხალი და დინამიური გამოხატულებაა.

დისტანციური სწავლება — ესეც სინქრონული სწავლებაა, ოღონდ ონლაინ, ინტერნეტის მეშვეობით. პირისპირ სწავლებას იმით ჰგავს, რომ აქაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთსა და იმავე დროს ხვდებიან ერთმანეთს და სწავლების პროცესი რეალურ დროში მიმდინარეობს, თუმცა განსხვავდება იმით, რომ ისინი ფიზიკურად ერთ სივრცეში არ იმყოფებიან და ურთიერთობა ციფრული პლატფორმების საშუალებით ხდება.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): დისტანციური სწავლება სინქრონულ რეჟიმში   პირველ რიგში მოითხოვს სტაბილურ ინტერნეტს და კომპიუტერს ხომ?  ამიტომაც, სტაბილური ინტერნეტის და კომპიუტერის გაჩენამდე დისტანციური სწავლება მხოლოდ ასინქრონულ რეჟიმში იყო შესაძლებელი. კერძოდ, ეს ტერმინი პირველად 1833 წელს, შვედეთის უნივერსიტეტში გაჩნდა. სწავლების პროცესი ფოსტის მეშვეობით მიმდინარეობდა — სასწავლო მასალები წერილობით ეგზავნებოდა სტუდენტებს. სწორედ ეს ითვლება დისტანციური სწავლების პირველ პრაქტიკად.

1960-იან წლებში, აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტში შეიქმნა სისტემა PLATO. ამ სისტემაში პირველად გამოიყენეს ეკრანი რეალურ დროში მიმოწერისთვის უნივერსიტეტის შენობებს შორის სადენებით დაკავშირებული სისტემით. ვიდეო ლექცია სადაც მასწავლებელი გამოჩნდებოდა, ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი რადგან არც ტელევიზია და არც კომიუტერი არ იყო საკმარისად განვითარებული, და არც ინტერნეტი არ არსებობდა.

1969 წელს, დიდ ბრიტანეთში დაარსდა პირველი დისტანციური უნივერსიტეტი — Open University, რომელმაც სწავლების პროცესში ტელევიზია და რადიო გამოიყენა. ესეც დისტანციური სწავლების ფორმა იყო, თუმცა კვლავ ტექნოლოგიური შეზღუდვების პირობებში, რადგან ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა.

2000-იანი წლებიდან, ინტერნეტის სიჩქარისა და სტაბილურობის ზრდამ შესაძლებელი გახადა დისტანციური სწავლება სინქრონულ ფორმატში განხორციელებულიყო — რეალურ დროში, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

2020 წელს, COVID-19-ის პანდემიამ დისტანციური სწავლება სრულიად ახალ მასშტაბებში გადაიყვანა: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სკოლებისა და უნივერსიტეტების უმეტესობა სრულად დისტანციურ, სინქრონულ სწავლებაზე გადავიდა.

ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად დისტანციურმა სწავლებამ ეფექტურად „დაძლია“ სივრცითი შეზღუდვები, თუმცა დროის ფაქტორი კვლავ რჩებოდა შეზღუდვად. ნებისმიერი მსურველისთვის სასურველ დროს სწავლა შესაძლებელი გახადა ასინქრონულმა სწავლებამ, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ასინქრონული სწავლება — აქაც ინტერნეტის მეშვეობით ხდება სწავლება, ოღონდ ასინქრონულად. ასინქრონული ნიშნავს იმას, რომ სწავლა აღარ არის კონკრეტულ დროსა და ადგილზე მიბმული. აქ მოსწავლე თავად ირჩევს სწავლის დროსაც და ადგილსაც, სადაც ეცნობა მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ვიდეოლექციას ან სხვა სასწავლო მასალას.

ზოგჯერ ასინქრონული ერევათ დისტანციურ სწავლებაში, რადგან ორივე ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდება. ამიტომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მათ შორის განსხვავებას – დისტანციურის დროს მოსწავლე და მასწავლებელი ერთსა და იმავე დროს, „ლაივ“ რეჟიმში არიან ჩართული, ხოლო ასინქრონული სწავლების დროს მოსწავლე ნახულობს მასწავლებლის მიერ წინასწარ ჩაწერილ ვიდეოს – სწორედ ისე, როგორც ამ კურსის შემთხვევაში.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 3): ასინქრონულ სწავლებაში გარდამტეხი როლი ითამაშეს გლობალურმა პლატფორმებმა, რომლებმაც სწავლების ფილოსოფია შეცვალეს:

2006 წელი – Khan Academy (ხანის აკადემია): შეიქმნა აშშ-ში. დააარსა ბენგალური და ინდური ფესვების მქონე ამერიკელმა სალმან „სალ“ ხანმა. თავდაპირველად ეს იყო ერთი ადამიანის მიერ შექმნილი უფასო ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც მთლიანად მოსწავლეზე ორიენტირებულ, მარტივ და ვიზუალურ ენაზე ხსნიდა რთულ საგნებს. აქ ავტორი თავად სალმან ხანი იყო, მიზანი კი — განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

2010 წელი – Udemy (უდემი): დაარსდა აშშ-ში, თუმცა მისი ფესვები თურქეთშია. დამფუძნებლები არიან თურქი ერენ ბალი, ოქტაი ჩაღლარი და ინდური წარმოშობის ამერიკელი გაგან ბიანი. ეს არის „ღია ბაზარი“ (Marketplace), სადაც ნებისმიერ დამოუკიდებელ ავტორს შეუძლია შექმნას საკუთარი კურსი და გაყიდოს გლობალურად. აქცენტი კეთდება პრაქტიკულ, ბიზნესსა და ტექნოლოგიურ უნარებზე.

2012 წელი – Coursera (კურსერა): შეიქმნა აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორების — ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი ენდრიუ ინისა და ისრაელელი ამერიკელი დაფნა კოლერის მიერ. ამ პლატფორმის მთავარი განსხვავება აკადემიური პარტნიორობაა. აქ კურსებს არა ინდივიდუალური ავტორები, არამედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები (Stanford, Yale და ა.შ.) დებენ, რაც უზრუნველყოფს კლასიკურ, კვლევებზე დაფუძნებულ განათლებას.

ასინქრონული სწავლება ეფუძნება „თვითმართვადი სწავლის“ პრინციპს. ის საუკეთესოა ზრდასრულებისთვის, რადგან ტვინს საშუალებას აძლევს ინფორმაცია საკუთარი ტემპით გადაამუშაოს. კვლევებით, ასინქრონულ ფორმატში მოსწავლეები ხშირად უფრო სიღრმისეულ კითხვებს სვამენ ფორუმებზე, რადგან მათ აქვთ დრო რეფლექსიისთვის.

რადგან უკვე ვიცით ტერმინთა შინაარსი, გადავიდეთ შედარებაზე. ჯერ ვნახოთ, სწავლების ამ ფორმებიდან, რომელს რა უპირატესობა აქვს მოსწავლისთვის, ხოლო შემდეგ – მასწავლებლისთვის. 

სამახსოვრო 2.1. სწავლების ფორმების შედარება მოსწავლის თვალით

ამ ნაწილში ვნახავთ რომელ ფორმას რაში აქვს უპირატესობა მოსწავლისთვის ყველაზე საინტერესო 7 მახასიათებლის მიხედვით:

  1. დროისა და ადგილის მოქნილობა შემიძლია როცა მინდა და სადაც მინდა მაშინ ვისწავლო? ამ მახასიათებლის მიხდვით უპირობო ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა. პირისპირ და დისტანციური ფორმებისგან განსხვავებით, აქ შენ არ ერგები განრიგს. პირიქით, განრიგი გერგება შენ – გაქვს საშუალება როცა ხასიათზე ხარ და დროც გაქვს მაშინ ისწავლო.
  2. სწავლის ტემპის ინდივიდუალური მართვა შემიძლია როცა მინდა დავაპაუზო, ავაჩქარო ან თუ ნაცნობი საკითხია გამოვტოვო? ამ მახასიათებელშიც ასინქრონული ფორმა იმარჯვებს. აქ შენ გაქვს პაუზის, გადახვევისა და აჩქარების „ჯადოსნური“ ღილაკი, მაშინ როცა სინქრონული სწავლებისას ჯგუფის საშუალო სიჩქარეს უნდა აჰყვე.
  3. სასწავლო მასალასთან მუდმივი წვდომა — თუ რაიმე გამომრჩა, შემიძლია  თავიდან ვნახო? აქაც ასინქრონული ლიდერობს. როგორც პირისპირ, ისე დისტანციური ფორმით სინქრონული სწავლისას, ლექცია შეხვედრის დასრულებისთანავე ქრება. ასინქრონულ ფორმაში კი ყველა სასწავლო მასალა მუდმივად შენთანაა, მათ შორის ლექციაც.
  4. რეალურ დროში ინტერაქცია — შემიძლია თუ არა მასწავლებელს დავუსვა კითხვა და მივიღო პასუხი ლექციის მსვლელობისას? ამ მახასიათებელში პირისპირ და დისტანციური სწავლების ფორმები „იყოფენ გამარჯვებას“. თუ შენთვის მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხიდ მყისიერად მიღება, მაშინ  სინქრონული სწავლება უპირობო ლიდერია.
  5. სხვა მონაწილეთა გამოცდილების გაზიარება — ესწრებიან თუ არა ჩემი მსგავსი საჭიროების მქონე მონაწილეები რომელთა გამოცდილების მოსმენაც ასევე საინტერესო იქნება ჩემთვის? ამ მახასიათებელში ჩემპიონი უდაოდ პირისპირ სწავლებაა. ყავის შესვენებაზე სხვა სტუდენტებთან მიღებული ემოციური მუხტი და ახალი კონტაქტები (ე.წ. „ნეთვორქინგი“), ხშირად იმაზე მეტია, ვიდრე თავად ტრენინგი.
  6. საკუთარი თავის მართვის უნარების განვითარება დამოუკიდებლად სწავლა შემიძლია თუ მასწავლებელმა უნდა „ჩამჭიდოს ხელი“? ასინქრონული ფორმატი აქ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. აი, აქ იწყება ნამდვილი ზრდა, მასწავლებელი „ხელს არ გკიდებს“, შენ ხარ საკუთარი თავის უფროსიც და მოტივატორიც. დამოუკიდებლად დაგეგმო დრო, დაძლიო სიზარმაცე და მიხვიდე ფინიშამდე, ეს ნამდვილად არ არის იოლი საქმე! შემთხვევითი არ არის, რომ საკუთარი თავის მართვის უნარები, იქნება ეს თვითმენეჯმენტი, თვითდისციპლინა, თვითორგანიზებულობა თუ პასუხისმგებლობის შეგრძნება – ყველა დროის ყველაზე მოთხოვნად რბილ უნარებად ითვლება. ამიტომაც, როდესაც დამოუკიდებლად ასრულებ დავალებებს, არამხოლოდ ივითარებ ასინქრონული კურსით გათვალისწინებულ უნარებს, არამედ ბონუსად, ხდები საკუთარი თავის საუკეთესო „მწვრთნელი“.
  7. სწავლის საფასური — რომელი უფრო იაფი დამიჯდება და რატომ? ამ მახასიათებელშიც ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა, რადგან ეს ფორმატი „მასშტაბის ეკონომიით“ მუშაობს. ტრენერმა სასწავლო მასალა ერთხელ ჩაწერა და დაამუშავა, ხოლო ახლა მას ასობით ადამიანი იყენებს. ამასთან, ტრენერს აქვს დრო, ვიდეოლექციებიდან ამოიღოს ზედმეტი და დატოვოს მხოლოდ აუცილებელი ნაწილი. შედეგად, შენ იღებ მაღალი ხარისხის ცოდნას მინიმალურ ფასად. ამიტომ, თუ საკმარისად მოტივირებული ხარ, ეს ფორმა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.

ამით მოსწავლის თვალით დანახული შედარების ნაწილი მორჩა. რომ შევაჯამოთ, მოსწავლის პერსპექტივიდან სწავლების ფორმის შერჩევა, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობისა და თვითმენეჯმენტის შეფასებაა. თუ საკმარისი მოტივაცია არ გაქვს, და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის უშუალო მეთვალყურეობა, მაშინ პირისპირ ან დისტანციური სწავლების ფორმები სწორედ შენთვისაა. თუმცა, თუ საკმარისი მოტივაცია გაქვს, მაშინ ასინქრონული სწავლება საუკეთესო არჩევანია. შეიძლება ითქვას, ასინქრონული სწავლებისას ხდები საკუთარი თავის უფროსი. საკმარისია სწავლის ხასიათზე იყო, სწავლის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს და არც სხვა მონაწილეების ათვისების სიჩქარეზე ხარ დამოკიდებული. ეს კურსი ამის საუკეთესო მაგალითია. გარდა აქ მოსმენილი ინფორმაციისა, ივითარებ ასევე საკუთარი თავის მართვის უნარებს, რაც ნებისმიერ სხვა ცოდნაზე ძვირფასია.

სამახსოვრო 2.2. სწავლების ფორმების შედარება მასწავლებლის თვალით

ახლა ვნახოთ, რომელი ფორმატია უფრო მომგებიანი შენთვის, როგორც კურსის ავტორისთვის. აქ მოცემულია შედარება განმანათლებლისთვის ყველაზე საინტერესო 6 მახასიათებლის მიხედვით:

  1. მომზადების დრო და რესურსი — რამდენად დიდია საწყისი „ენერგეტიკული ინვესტიცია“ და მომიწევს თუ არა ერთი და იმავე საკითხის „ათასჯერ“ ახსნა? ამ მახასიათებელში ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა. ერთხელ ხარჯავ ენერგიას და აღარ გიწევს სხვადასხვა ჯგუფთან ერთი და იმავე თემის ახსნა. ასეთი პრივილეგიის მოცემა სინქრონული სწავლების არც პირისპირ და არც დისტანციურ ფორმას არ შეუძლია. თუმცა, პირისპირთან შედარებით, დისტანციური მაინც მეორე ადგილზეა რადგან არ საჭიროებს ფიზიკურ სივრცეს.
  2. სასწავლო მასალის ხარისხი — მაქვს თუ არა შანსი, ჩემი ცოდნა „გავცხრილო“, დავხვეწო და იდეალურ ფორმაში მივაწოდო? აქაც ასინქრონული სწავლება იმარჯვებს. გაქვს შესაძლებლობა ვიდეოს გამოქვეყნებამდე ამოჭრა ზედმეტი პაუზები და დატოვო მხოლოდ აუცილებელი ნაწილი. ამასთან, გამოსახულებაც და ხმაც ჩაიწერო პროფესიონალური კამერითა და მიკროფონით. პირისპირ ან დისტანციური სწავლება სინქრონულად, „ლაივ“ რეჟიმში მიმდინარეობს. „ლაივში“ კი მონტაჟის საშუალება არ გაქვს და თუ კამერა, მიკროფონი ან ინტერნეტი „გაგიჭედავს“, რჩება „გაჭედილი“, ხარვეზიანი ნაწილის ამოჭრის საშუალება არ გაქვს. 
  3. იმპროვიზაციის შესაძლებლობა შემიძლია თუ არა სწავლების პროცესში შევცვალო გეგმა და მოვერგო აუდიტორიის რეაქციას? აქ სინქრონული სწავლების პირისპირ და დისტანციური ფორმები ლიდერობენ. ცოცხალი ინტერაქციისას შეგიძლია მომენტალურად უპასუხო მოულოდნელ კითხვას ან შეცვალო ახსნის სტილი, თუ ხედავ, რომ სტუდენტებს უჭირთ გაგება. ასინქრონული სწავლება ამ მხრივ „ხისტია“ — მასალა უკვე ჩაწერილია და მასში ცვლილების შეტანა ხელახალ მონტაჟს ან გადაღებას მოითხოვს.
  4. ჩართულობისა და უკუკავშირის მართვა რამდენად მარტივია ჯგუფის ყურადღება „ხელში მეჭიროს“ და მქონდეს მყისიერი რეაქცია მათ პროგრესზე? ამ მახასიათებელში პირისპირ სწავლება ლიდერობს. აუდიტორიაში ყოფნისას ხედავ ყველას თვალებს და ყურადღების მართვა გაცილებით ეფექტურია. მეორე ადგილზე იქნება დისტანციური სწავლება. დისტანციურშიც არის საშუალება მონაწილეს დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა რათა მიხვდე რამდენად ყურადღებით გისმენს, მიუხედავად იმისა, კამერა ჩართული აქვს თუ არა. ასინქრონულშიც შესაძლებელია  უკუკავშირი, ოღონდ არა მყისიერად, ჩატებისა და ჯგუფების საშუალებით. 
  5. მასშტაბირებისა და პასიური შემოსავლის პოტენციალიშემიძლია თუ არა ათასობით ადამიანს ერთდროულად ვასწავლო ისე, რომ ჩემი დრო პირდაპირ არ იყიდებოდეს? ჩემი შემოსავალი შემდგარ ჯგუფებზეა დამოკიდებული, თუ ერთ ადამიანსაც შეუძლია შეძენა? აქ უპირობო ჩემპიონი ასინქრონული სწავლებაა. შენი შრომა აღარ არის მიბმული კალენდარზე — კურსი მუშაობს მაშინაც, როცა შენ გძინავს. ფაქტობრივად, ქმნი ციფრულ აქტივს, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით იყიდება ერთზეც და მილიონზეც, განსხვავებით სინქრონული მოდელისა, სადაც შენი შემოსავლის მაქსიმუმი ფიზიკურად ჩატარებული საათების რაოდენობაა.

ამით მასწავლებლის თვალით დანახული შედარებაც მორჩა. თუ შენთვის მთავარი ემოციური უკუკავშირი და იმპროვიზაციაა, მაშინ სინქრონული სწავლების პირისპირ და დისტანციური ფორმები შენი სტიქიაა. თუმცა, თუ გსურს შექმნა სისტემა, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იმუშავებს, დაზოგავს შენს ენერგიას და მოგცემს მასშტაბირების საშუალებას, მაშინ ასინქრონული სწავლება საუკეთსო არჩევანია. ასინქრონული სწავლება გაძლევს საშუალებას შეწყვიტო „საათების გაყიდვა“ და შექმნა ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა სხვა საქმით ხარ დაკავებული ან სულაც გძინავს.

შეჯამება

ამ ლექციაზე დავინახეთ, რომ სწავლების ფორმის შერჩევა სტრატეგიული არჩევანია. პირისპირ სწავლება შეუცვლელია ემოციური კავშირისთვის, დისტანციური გვათავისუფლებს გეოგრაფიული ბარიერებისგან, ხოლო ასინქრონული სწავლება გვაძლევს სრულ თავისუფლებას როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. 

ახლა, როცა უკვე ვიცით რას ვატარებთ და როგორ ვატარებთ, დგება კითხვა: სად და რა სისტემით ვსწავლობთ? იცოდი, რომ განათლება მხოლოდ ფორმალური და არაფორმალური არ არის?

შემდეგ ლექციაზე: მომდევნო ლექციაზე განვიხილავთ სწავლების სისტემებს – ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური განათლება. აღმოვაჩენთ, რატომ შეიძლება იყოს მეგობართან ყავაზე საუბრისას მიღებული ცოდნა უფრო ღირებული, ვიდრე 4-წლიანი აკადემიური ხარისხი? სად გადის ზღვარი „დიპლომსა“ და „ნამდვილ კომპეტენციას“ შორის. 

მომავალ ლექციამდე!