თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება
თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება
0% Completed

როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობდა –  „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა“. ეს სიტყვები MoTArt-მეთოდოლოგიის (Modern Teaching Art – თანამედროვე სწავლების ხელოვნების) ძირითადი ღირებულებაა.

დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა რომ შევძლოთ, ჯერ თავად უნდა გავხდეთ სასწავლო პროცესის დამოუკიდებელი არქიტექტორები ხომ?  ამიტომაც, ამ კურსიდან ყველაზე მეტს წაიღებ იმ შემთხვევაში, თუ არა მხოლოდ მოისმენ, არამედ დამოუკიდებლად აზროვნების უნარსაც გაავარჯიშებ.

ამისათვის საჭიროა დააპაუზო ვიდეო სადაც დაპაუზების ნიშანს დაინახავ და სასწავლო მასალაში იპოვო სრულყოფილი ინფორმაცია სლაიდზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით (⏸️). სასწავლო მასალა ქრონოლოგიურად მიყვება ვიდეოს შინაარსს, რაც ძებნის პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს.

გამარჯობა, მე პაატა ცაგარეიშვილი ვარ, შენი მენტორი და თანამგზავრი ამ მოგზაურობაში. მზად ხარ? წავედით! 

კურსის პირველი თემა ეთმობა სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ტერმინებს. ამ თემის გავლის შემდეგ შეძლებ ზუსტად განსაზღვრო მოცემულ მომენტში სწავლების რომელი ფორმატი, ფორმა, სისტემა თუ მიდგომა გჭირდება. მაშ ასე, დავიწყოთ: თემა 1, ლექცია 1. 

სწავლების ფორმატების ნაწილში ერთმანეთს შევადარებთ გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს. აქ დავინახავთ, თუ როგორ ცვლის ფორმატის სწორი შერჩევა სწავლა-სწავლების ხარისხს. შედეგად, შეძლებ სწორი აქტივობების გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტურობას და რაც მთავარია, შენი მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ მსმენელების მიღწევებს.

მოდი ვნახოთ სწავლების ამ ფრომატებიდან რომელი უფრო ადრე გაჩნდა და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. დავიწყოთ ლექციით:

1. ლექცია / Lecture

თანამედროვე გაგებით, ლექცია შეიძლება ასე განიმარტოს: ლექტორი აკადემიურ გარემოში გადასცემს სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას სტუდენტებს.

  1. როდის და სად გაჩნდა. დამკვიდრდა მე-11-13 საუკუნეების ევროპაში, ბოლონიის, სორბონის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტების გაჩენასთან ერთად, როდესაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე აკადემიური სწავლების სისტემას.
  2. ეტიმოლოგია. მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან – „lectūra“ – რაც ქართულად ხმამაღლა კითხვას ნიშნავს. რატომ „ხმამაღლა კითხვა“? მოგეხსენებათ, იმ დროს წიგნი ხელით იწერებოდა და ძვირი ღირდა. შესაბამისად იმდენად იშვიათი იყო, რომ ყველას არ შეეძლო მისი შეძენა. ლექტორს ჰქონდა ერთად-ერთად წიგნი, ხმამაღლა კითხულობდა და შიგადაშიგ კომენტარებს აკეთებდა. თანამედოვე გარემოში წიგნი შეცვალა სლაიდებმა.
  3. გამოყენების ადგილი და გარემო. აკადემიური გარემო. მაგალითად, უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო კონფერენცია, საჯარო ლექცია და ა.შ.
  4. მიზანი. სიღრმისეული ცოდნის გადაცემა და აზროვნების სტიმულირება. მაგალითად, ეკონომიკის ლექტორი სიღრმისეულად აცნობს სტუდენტებს ეკონომიკურ თეორიებს.
  5. კომუნიკაციის დონე. დაბალი ინტერაქტიულობა. კომუნიკაცია ხორციელდება ცალმხრივად – მასწავლებლიდან -> მოსწავლისკენ.
  6. მასწავლებლის როლი. სიღრმისეული ცოდნის მიმწოდებელი. მაგალითად, აწვდის ინფორმაციას, ხსნის კონცეფციებს, არის ცენტრალური ფიგურა.
  7. მოსწავლის როლი. ცოდნის მიმღები (პასიური მსმენელი). მაგალითად, ისმენს ლექციას, ინიშნავს საინტერესო ნაწილებს და ა.შ. თუმცა გაკვეთილთან და ტრენინგთნ შედარებით, ნაკლებად აქვს აზრის გამოთქმის საშუალება.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): ანტიკურ ეპოქაში სწავლება ამფითეატრულ სივრცეში მიმდინარეობდა: მასწავლებელი იდგა ქვემოთ, ხოლო მსმენელები — საფეხურებად აღმავალ რიგებში. ეს განლაგება აკუსტიკას ემსახურებოდა, რათა ხმა აუდიტორიის ბოლომდეც მისულიყო. ადრეულ შუა საუკუნეებში განათლება საეკლესიო სივრცეში გადავიდა და ფორმატიც შეიცვალა — მასწავლებლის კათედრა მაღლა განთავსდა, რაც არა მხოლოდ იერარქიას, არამედ ხმის უკეთ გავრცელებას უზრუნველყოფდა. შემთხვევითი არ არის სიტყვა „აუდიტორია“  (ლათინურად Auditorium) —  „მოსასმენ ადგილს“ ნიშნავს. დღეს წიგნი სლაიდმა შეცვალა, თუმცა სწავლების ფორმატი კვლავ თეორიული ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული.

2. გაკვეთილი / Lesson

თანამედროვე გაგებით, გაკვეთილი შეიძლება ასე განიმარტოს: მასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო გარემოში გამოუმუშავებს მოსწავლეებს საბაზიცო ცოდნასა და უნარებს.

  1. როდის და სად გაჩნდა. დამკვიდრდა მე-18-19 საუკუნეების ევროპაში,  თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, რომლის მოდელადაც მიიჩნევა პრუსიის საგანმანათლებლო სისტემა (1763- 1819 წლები). თუმცა, როგორც მეთოდი, გაკვეთილის ფესვები ძველი საბერძნეთიდან და რომიდან მოდის, რომელსაც საბოლოო სახე მისცა პრუსიამ. შეიძლება ითქვას, თანამედროვე გაკვეთილი არის ბერძნული იდეის, რომაული წესრიგისა და პრუსიული დისციპლინის ნაზავი.
  2. ეტიმოლოგია. მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „lectio“ – რაც ქართულად წასაკითხი/სასწავლი მასალის ნაწილებად დაყოფას ნიშნავს. ქართული ტერმინის „გაკვეთილის“ ეტიმოლოგიაც სიტყვა „კვეთა“-დან მოდის, რაც ასევე რაღაცის დაყოფას, გამოყოფას ნიშნავს. ქართულ საგანმანათლებლო ლექსიკონში, სავარაუდოდ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა, ილია ჭავჭავაძის და მისი თანამედროვეების პერიოდში, როდესაც საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა საგანმანათლებლო ტერმინოლოგიის დანერგვა და ქართული ენის გამდიდრება ახალი ცნებებით. 
  3. გამოყენების ადგილი და გარემო. ზოგადსაგანმანათლებლო გარემო. მაგალითად, სკოლა, უცხო ენის დამწყები ჯგუფი რეპეტიტორთან ან უცხო ენების ცენტრში. 
  4. მიზანი. საბაზისო ცოდნის ან უნარების გამომუშავება.მაგალითად, ისტორია-გეოგრაფიის სწავლება ან წერა-კითხვისა და ანგარიშის უნარის განვითარება მოსწავლეებისთვის.
  5. კომუნიკაციის დონე. საშუალო ინტერაქტიულობა. ლექციასთან შედარებით მაღალი, თუმცა ტრენინგთან შედარებით დაბალი. კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ხორციელდება ორმხრივად. გაკვეთილის კლასიკური მოდელი – მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა, საშინაო დავალების მიცემა, გამოკითხვა, შეფასება – სათავეს იღებს გერმანელი პედაგოგის, იოჰანეს ფრიდრიხ ჰერბარტის იდეებიდან, რომელიც ხაზს უსვამდა ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლების მნიშვნელობას. სწორედ მის იდეებზე იდგა პრუსიის ზემოახნიშნული სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა.
  6. მასწავლებლის როლი. საბაზისო ცოდნის/უნარების მიმწოდებელი. მაგალითად, ხსნის ახალ მასალას, იძლევა საშინაო დავალებას, ატარებს გამოკითხვას, ახდენს შეფასებას, მართავს დისციპლინას, ხელმძღვანელობს ჯგუფურ აქტივობებს.
  7. მოსწავლის როლი. საბაზიცო ცოდნისა და უნარების მიმღები (აქტიური მსმენელი) – პასუხობს კითხვებს, ასრულებს დავალებებს, მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, შედის ინტერაქციაში მასწავლებელთან და თანატოლებთან.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): პრუსიის მოდელამდე (ანუ, მე-18 საუკუნემდე), სწავლა იყო ფასიანი და არასავალდებულო. შესაბამისად,  მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში საგაკვეთილო პროცესის განვითარება შესაძლოა 3 ნაწილად დავყოთ:
– ძვ.წ.აღ. მე-5-4 საუკუნეები (იდეა). ფაქტობრივად ძველ საბერძნეთში, სოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ შექმნეს გაკვეთილის მსგავსი სწავლების მეთოდები. სწავლა ეფუძნებოდა კითხვების დასმას, არგუმენტაციასა და ცოდნის თანდათან აღმოჩენას, რაც ქმნიდა სწავლების მეთოდოლოგიურ საფუძველს.
– ძვ.წ.აღ. 1 – ახ.წ.აღ. 1 საუკუნეები (წესრიგი). მოგვიანებით ძველ რომში ციცერონისა და კვინტილიანეს მიერ მოხდა ბერძნული საგანმანათლებლო იდეების სტრუქტურიზება (გაკვეთილებად დაყოფა) და შედეგზე ორიენტირება. აქედან მოყოლებული, შუა საუკუნეების ჩათვლით, წერა-კითხვა და საწყისი განათლება ძირითადად ეკლესიის ან კერძო მასწავლებლების პირობებში ხდებოდა, კვლავაც ფასიანი და ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდრებისთვის.
– მე-18-19 საუკუნეები (დისციპლინა). პრუსიამ პირველმა შემოიღო უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება მე-18 საუკუნის დასასრულს რამაც განაპირობა მისი საყოველთაო ხასიათი. კერძოდ, მოხდა სწავლების მეთოდებისა და დროის მკაცრი სტანდარტიზაცია, რათა მასწავლებელს შეძლებოდა ბევრი მოსწავლის ერთდროულად სწავლება სახელმწიფო დაფინანსებით. ეს მოდელი შემდგომ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 3): სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს მეთოდები დიალოგსა და აზროვნებაზე იყო დაფუძნებული. ამიტომაც  საგაკვეთილო პროცესს თავდაპირველად მოიხსენიებდნენ ბერძნულად,  როგორც – „დიდასკალია“ (διδασκαλία / didaskalia – სწავლება) ან „დიალოგოს“ (διάλογος / dialogos – დიალოგი). ძველ რომში, როდესაც ციცერონისა და კვინტილიანეს მიერ ბერძნული საგანმანათლებლო იდეები გადაიქცა სტრუქტურულ მოდელად – მოიხსენიებდნენ როგორც „ექსერციტაციო“ (exercitatio – ვარჯიში) ან  „ლექტიო“ (lectio- წასაკითხი/სასწავლი მასალის დანაწილება) რაც თანამედროვე „გაკვეთილის“ (გერმანულად – Lektion, ინგლისურად – Lesson) წინაპირობად იქცა.

3. ტრენინგი / Training

თანამედროვე გაგებით, ტრენინგი შეიძლება ასე განიმარტოს: ტრენერი პროფესიულ/კორპორაციულ გარემოში ეხმარება მონაწილეს საჭირო პრაქტიკული უნარის განვითარებაში.

  1. როდის და სად გაჩნდა. დამკვიდრდა XX საუკუნის დასაწყისიდან, აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, როგორც პასუხი ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე. ძირითადად გამოიყენებოდა სამეწარმეო და სამრეწველო სფეროებში, რათა სამუშაო ადგილზე სწრაფად მომხდარიყო თანამშრომელთათვის საჭირო უნარების გამომუშავება, რასაც ლექცია და გაკვეთილი ვერ უზრუნველყოფდა.
  2. ეტიმოლოგია. თანამედროვე საგანმანათლებლო მნიშვნელობით ფართოდ დამკვიდრდა ინგლისური სიტყვიდან – „to train“, რაც ვარჯიშს, წვრთნას ნიშნავს. 1900 წლიდან ევროპაში ხელოსანთა სწავლებას გულისმობდა, ხოლო აშშ-ში სამუშაოს სტანდარტიზაციასა და პროდუქტიულობის მაქსიმიზაციაზე კეთდებოდა აქცენტი. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ამერიკულმა კომპანიებმა, მაგალითად ჯენერალ ელექტრიკმა და ფორდმა, შიდა სასწავლო დეპარტამენტების შექმნა საკუთარი თანამშრომლების სწრაფი გადამზადების მიზნით. ეს იყო პირველი ნაბიჯები ტრენინგის კორპორაციული განვითარების მთავარ ინსტრუმენტად ჩამოყალიბებისკენ.
  3. გამოყენების ადგილი და გარემო. პროფესიული ან კორპორაციული გარემო. ტრენინგი უშუალოდ უკავშირდება ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების სფეროებს. მაგალითად, პროფესიული კოლეჯი, ტრენინგ ცენტრი ან უშუალოდ ტრენინგის დამკვეთი კომპანიის საკონფერენციო დარბაზი.
  4. მიზანი. პრაქტიკული უნარების განვითარება. თანამედროვე მნიშვნელობით ტრენინგი განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპამ დაიწყო ეკონომიკის აღდგენა ამერიკული მოდელებით. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში გაჩნდა მოთხოვნა ბიზნესსა და კორპორაციულ გარემოში თანამშრომლების ეფექტურობის ამაღლებაზე – მაგალითად, მენეჯერული უნარების, გაყიდვების ან მანქანა დანადგარების მუშაობისთვის აუცილებელი ტექნიკური უნარების განვითარება. აქედან გაჩნდა ტრენინგის ყველაზე თანამედროვე გაგება – როგორც პროფესიონალიზებული, მეცნიერულად დასაბუთებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული უნარის რეკორდულ გაუმჯობესებას.
  5. კომუნიკაციის დონე. მაღალი ინტერაქტიულობა. კომუნიკაცია ხორციელდება მრავალმხრივად, გამოცდილების გაზიარება ხდება როგორც ტრენერსა და ტრენინგის მონაწილეს შორის, ისე მონაწილეებს შორის.
  6. მასწავლებლის როლი. პრაქტიკული უნარის განვითარებაში დამხმარე პირი. ქმნის უსაფრთხო გარემოს პრაქტიკისთვის, იძლევა სწრაფ უკუკავშირს, უზრუნველყოფს სასწავლო რესურსების ორგანიზებას, ფოკუსირებულია უნარების განვითარებაზე და ა.შ.
  7. მოსწავლის როლი. პრაქტიკული უნარის საჭიროების მქონე პირი – (მონაწილე). მაგალითად, სწავლობს გაყიდვების ტექნიკის ან ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების უნარებს. ლექციისა და გაკვეთილისგან განსხვავებით, მოსწავლე, როგორც ტრენინგის მონაწილე, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე – აკეთებს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მონაწილეობს როლურ თამაშებში, გამოცდილებას იღებს როგორც ტრენერისგან, ისე სხვა მონაწილეებისგან, აზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ა.შ.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 4): საინტერესოა, რომ როგორც მეთოდი, ტრენინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული წვრთნასთან. სიტყვა „to train“ (გაწვრთნა/მომზადება) მე-18 საუკუნემდე მონადირე ძაღლებისა და ცხენების გაწვრთნის კონტექსტში გამოიყენებოდა, რაც ხაზს უსვამს ტრენინგის პირველად არსს — კონკრეტული უნარის ავტომატიზმამდე მიყვანას. მოგვიანებით (მე-19 საუკუნის დასაწყისში), ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო რეფორმების ეპოქაში, ეს მიდგომა ჯარისკაცების მასობრივ და სტანდარტიზებულ მომზადებაში გადავიდა, თუმცა მაშინ მას ჯერ კიდევ „სამხედრო სწავლებას“ (ფრ. instruction militaire) უწოდებდნენ და არა „ტრენინგს“. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი ტერმინი აქტიურად დამკვიდრდა სპორტულ კონტექსტში, ორგანიზებული სპორტული ლიგების განვითარებასა და ოლიმპიური თამაშების აღდგენასთან (1896) ერთად.

⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 5): საინტერესო ფაქტია, რომ 1950-იან წლებში, აშშ-მა იაპონიაში შეიტანა პროგრამა TWI (Training Within Industry – TWI – წვრთნა მრეწველობაში), რომელიც იაპონელ მასწავლებლებს სწრაფი და სტანდარტიზებული წვრთნის მეთოდებს ასწავლიდა. 1970 წლიდან იაპონელმა მწარმოებლებმა ამ პროგრამის საფუძველზე შექმნეს ორგანიზაციული განვითარების ორი მოდელი: კაიზენი (Kaizen – მუდმივი გაუმჯობესების ფილოსოფია) და ტოიოტას საწარმოო სისტემა (TPS), რომელიც 1984 წელს „დაბრუნდა“ ამერიკაში როგორც უმაღლესი დონის საწარმოო და მენეჯმენტის ფილოსოფია. 1990-იან წლებიდან იგივე იაპონური მოდელები გარცელდა ევროპელ მწარმოებლებში სახელით „ლინ მეთოდოლოგია“. 2000-იანი წლებიდან გავრცელდა არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ მომსახურებაში, მენეჯმენტში, ჯანდაცვაში, ბანკებში, სამთავრობო სექტორსა და IT-მიმართულებაში, რამაც მოგვიანებით საფუძველი ჩაუყარა Agile – მეთოდოლოგიას. 

სამახსოვრო 1. გაკვეთილი VS ლექცია VS ტრენინგი

ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარება ზამოაღნიშნული განსხვავებების იოლად დამახსოვრებაში:

შეჯამება

ამ ნაწილში ვნახეთ, რომ ქრონოლოგიურად ჯერ „ლექცია“ გაჩნდა როგორც ტერმინი, შემდეგ „გაკვეთილი“ და ბოლოს „ტრენინგი“. მიუხედავად ამისა, ადამიანის ზრდა იწყება გაკვეთილით, რომელიც გვაძლევს საბაზისო ცოდნასა და უნარებს (წერა-კითხვა, ანგარიში და ა.შ.); გრძელდება ლექციით, სადაც ვიღებთ სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას და მთავრდება ტრენინგით, რომელიც მთელ ამ ჩვენს გამოციდილებას პრაქტიკულ, კარიერულ უნარებად აქცევს. ეს არის გზა მოსწავლიდან – პროფესიონალამდე, სადაც ყოველი მომდევნო ეტაპი სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას მოითხოვს მოსწავლისგან.

შემდეგ ლექციაზე: ახლა, როცა უკვე ვიცით, სწავლების ფორმატები – რას ვატარებთ, უნდა გადავწყვიტოთ — თუ როგორ? მომდევნო ლექციაზე განვიხილავთ სწავლების ფორმებს: პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული? ვნახავთ, რომელ ფორმას რა უპირატესობა აქვს და რაც მთავარია — აღმოვაჩენთ, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებს დროისა და სივრცის დამარცხება.

მომავალ ლექციამდე!