ტერმინები „ლექცია“ და „ტრენინგი“ ხშირად ერთი და იგივე მნიშველობით გაიგება, რაც არ არის მართებული. ამ ორ ტერმინს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება მიზნის, კომუნიკაციის დონის, მონაწილეთა როლისა და შეფასების მიმართულებით. ლექციასა და ტრენინგს შორის განსხვავების მკაფიოდ დანახვა საშუალებას მოგცემს, როგორც მასწავლებელმა, ობიექტურად შეაფასო და არგუმენტირებულად დააფასო საკუთარი შრომა.
ლექცია ერთმხრივი კომუნიკაციაა, სადაც მასწავლებელი თხრობითი ფორმით გადასცემს ინფორმაციას მსმენელებს. ლექცია სწავლების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. კლასიკური გაგებით, ის სწავლების აუდიტორულ, მოსმენაზე ორიენტირებულ საშუალებად ითვლება. მართლაც, იმ უძველეს დროში, როდესაც პლატონი ასწავლიდა არისტოტელეს, მას არც კომპიუტერი ჰქონდა, არც პროექტორი და არც ინტერნეტი. უფრო მეტიც, ნაბეჭდი წიგნიც კი არ ჰქონდა, რომ საკითხავი მასალა მიეცა, ან ილუსტრაციები ეჩვენებინა მოსწავლეებისთვის. აქცენტი კეთდება თეორიულ მასალაზე, ცოდნის გაზიარებასა და ფაქტების წარმოდგენაზე. მაგალითად, პროფესორი კითხულობს ლექციას საქართველოს ისტორიის შესახებ. ედგარ დეილის მიხედვით კი, ლექცია სწავლების მეთოდების პირამიდის წვერშია და მის დროს, მსმენელი იმახსოვრებს მოსმენილი ინფორმაციის მხოლოდ 5%-ს.
ტრენინგი ორმხრივი კომუნიკაციაა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. თანამედროვე სწავლებაში, თითქმის ყველა მასწავლებელი ცდილობს ლექცია გაამრავალფეროვნოს ინტერაქტიული სწავლების ისეთი მეთოდებით როგორიცაა, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშოები, როლური თამაშები და ა.შ. ამ შემთხვევაში, სიტყვა ლექციის ნაცვლად იყენებენ ისეთ განმარტებას, როგორიცაა – ინტერაქტიული ლექცია ან ტრენინგი. ალბათ უკვე მიხვდი, რომ ტრენინგი სხვა არაფერია თუ არა ლექციის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომლის დროსაც მასწავლებელი გარდა ინფორმაციის თხრობითი ფორმით გადაცემისა, იყენებს ასევე ინტერაქტიული სწავლების მეთოდებს. ტრენერი არა მხოლოდ გადასცემს ინფორმაციას, არამედ ქმნის გარემოს, სადაც მონაწილეებს აქვთ საშუალება დამოუკიდებლად გამოიყენონ მიღებული ცოდნა, გააანალიზონ სხვადასხვა სიტუაციები და გაიუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები. მაგალითად, კომპანია ატარებს თანამშრომელთა ტრენინგს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის შესახებ.
ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარება ზამოაღნიშნული განსხვავებების იოლად დამახსოვრებაში 😉

რომელია უკეთესი? რომ შევაჯამოთ, ლექცია ცოდნის მიღების ფუნდამენტური საშუალებაა, თუმცა მისი ეფექტურობა შეზღუდულია პრაქტიკული უნარების განვითარების კუთხით. ტრენინგი კი, ლექციის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც აქტიური ჩართულობისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ხელს უწყობს კონკრეტული უნარების ათვისებას და განმტკიცებას. შესაბამისად, თუ გსურს მიიღო ვრცელი ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ თემაზე, ლექცია შესანიშნავი არჩევანია. ხოლო, თუ გსურს ისწავლო როგორ გამოიყენო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, მაშინ ტრენინგის გავლაა მიზანშეწონილი. ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ თანამედროვე განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში, ესაა ლექციისა და ტრენინგის კომბინაცია.