ალბათ ყველას შეგვხვედრია ადამიანი, რომელსაც სამი დიპლომი აქვს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რაიმე მარტივი დავალების შესრულება უჭირს — მაგალითად, დიპლომიანი ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც არ იცის ეფექტური სლაიდების მომზადება PowerPoint-ში. ასევე ინგლისურის რეპეტიტორი, რომელსაც დიპლომი არ აქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერი ჰყავს და ჯგუფებიც სულ შევსებული აქვს. როდის ვიძენთ ნამდვილ ცოდნას — აუდიტორიაში, ტრენინგზე თუ უბრალოდ YouTube-ზე ვიდეოების ყურებისას?
ამ ლექციის ბოლოს ისწავლი, როგორ შეკრა განათლების სამი სისტემა ერთიან, პრაქტიკულად მოქმედ სტრატეგიად. შედეგად გახდები არა უბრალოდ „დიპლომიანი სპეციალისტი“, არამედ კომპეტენტური განმანათლებელი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გადასცეს თავისი ცოდნა სხვას.
შეგახსენებ MoTArt-ის წესს: დააპაუზე ვიდეო ყოველ ჯერზე, როცა დაინახავ პაუზის ნიშანს ⏸️. დამატებითი ინფორმაცია დაგეხმარება დაინახო ის, რაც ერთი შეხედვით უხილავია.
მზად ხარ? დავიწყოთ!
ამ ლექციაზე პასუხს გავცემთ კითხვას: რა განსხვავებაა „დიპლომსა” და „ნამდვილ კომპეტენციას” შორის? ერთმანეთს შევადარებთ ფორმალურ, არაფორმალურ და ინფორმალურ განათლებას.
ქრონოლოგიურად თუ დავალაგებთ, ჯერ ინფორმალური არსებობდა (ადამიანის გაჩენის დღიდან), შემდეგ ფორმალური (1763-1870 წლები) და ბოლოს არაფორმალური (1960-იანი წლები). თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება. ადამიანები ყველაზე მეტად ფორმალურ განათლებას აფასებენ. შემდეგ აქტიურად ეძებენ არაფორმალურს — კურსებს, ტრენინგებს. და მხოლოდ ბოლოს ხვდებიან, რომ ყველაზე მეტი სწორედ ინფორმალურად აქვთ ნასწავლი. სიარულიდან დაწყებული, ყოველდღიური გამოცდილებით დამთავრებული. თანაც, ხშირად ისე, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი იცოდნენ.
სანამ შედარებაზე გადავალთ, ჯერ ვნახოთ რა არის განათლების სისტემა?
განათლების სისტემა განსაზღვრავს სად, რა წესებით და როგორი აღიარებით ხდება სწავლა – დღეს ასე მარტივია განათლების სისტემის განმარტება. თუმცა, იყო დრო, განათლების სფეროში ტერმინოლოგიას არაერთგვაროვანი გაგება ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე პრაქტიკა სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა. ამ მდგომარეობის სისტემატიზაცია 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც UNESCO-მ ოფიციალურად გამიჯნა ერთმანეთისგან განათლების ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური სისტემები. ამ სტანდარტიზაციამ შექმნა საერთო ჩარჩო, რომელმაც გაამარტივა განათლების ფორმების შედარება და ცოდნის აღიარება საერთაშორისო დონეზე.
მართლაც, ჩვენი ცოდნისა და უნარების საერთო სურათი სულ ამ სამი სისტემის ერთობლიობაა. ეს სამი სისტემა სინამდვილეში ერთ საერთო მიზანს ემსახურება – ადამიანისთვის საინტერესო გახდეს ყოველდღიურობა. მათ დანიშნულებას უკეთესად გავიგებთ, თუ შევადარებთ სმარტფონის მუშაობის პრინციპს:
აქ უნდა ვთქვათ ყველაზე მთავარი რამ: როგორც მასწავლებელი, თქვენ მხოლოდ „ოპერაციულ სისტემას” არ „აინსტალირებთ”. თქვენ ეხმარებით მოსწავლეს სწორი „აპლიკაციების” შერჩევაში, რათა საკუთარი გამოცდილება აღიარებულ ცოდნად ან უნარად აქციოს. სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ნამდვილ კომპეტენციას.
მაგრამ როგორ გავიგოთ, რომელი სისტემა რისთვისაა საუკეთესო? რას გვაძლევს „ოპერაციული სისტემა“, რას — „აპლიკაციები“ და როგორ ვამუშავებთ ჩვენს „მონაცემებს“?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, გავატაროთ განათლების თითოეული სისტემა 6 ფილტრში. ეს 6 მახასიათებელი ზუსტად ზომავს იმას, თუ რა „ფასს“ ვიხდით ცოდნაში (დრო, ფული, ენერგია) და რას ვიღებთ სანაცვლოდ (აღიარება, აქტუალობა, შედეგი). სწორედ ამ ბალანსის დანახვა დაგეხმარება სწორი სისტემის შერჩევაში ნებისმიერი სასწავლო მიზნისთვის:
ფორმალური განათლება ესაა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დაწესებულებაში (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი), სასწავლო გეგმით გაწერილი და კონტროლირებადი სწავლება, რომლის მიზანია სახელმწიფო აღიარების მქონე დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი) მიღება
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): იცოდი, რომ ფორმალური სკოლის მოდელი — ზარის დარეკვა, ორ რიგად ჯდომა საკლასო ოთახში, ერთნაირი ტანსაცმელი — პირდაპირ „გადმოკოპირდა“ ინდუსტრიული ქარხნებიდან? შეიძლება ითქვას, ფორმალური განათლების თავდაპირველი მიზანი იყო არა კრეატიული ადამიანის, არამედ დისციპლინირებული მუშების აღზრდა, რომლებიც „ცვლაში“ არ დააგვიანებდნენ.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): გახსოვს, 1.1 ლექციაზე, გაკვეთილის ნაწილში ვახსენეთ, რომ პრუსიამ პირველმა შეიმუშავა სავალდებულო ფორმალური განათლების მოდელი ჯერ კიდევ 1763 და 1819 წლებში. ამ მოდელმა გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნებზეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სავალდებულო განათლების კანონი მიიღეს 1852 წელს მასაჩუსეტსში , ხოლო 1918 წლისთვის მსგავსი კანონები უკვე ყველა შტატში მოქმედებდა (Compulsory Attendance Laws). ბრიტანეთმა 1870 წელს მოახდინა დაწყებითი განათლების სისტემური ორგანიზება (Elementary Education Act). იმ პერიოდში ამას უბრალოდ სასკოლო ან საჯარო განათლებას უწოდებდნენ (გერმანულად: Schulbildung, ინგლისურად: Public schooling). ეს ტალღა თავიდან სკოლებიდან დაიწყო, მაგრამ მალე პროფესიულ და აკადემიურ სივრცეებსაც გადაედო — სახელმწიფო მიხვდა, რომ კვალიფიციური კადრების მასობრივი წარმოებისთვის ერთიანი „თამაშის წესები“ იყო საჭირო.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 3): თავის მხრივ, ფორმალური განათლება სამ საფეხურს მოიცავს: ზოგადი (დაწყებითი, საბაზო, საშუალო), პროფესიული (კონკრეტული ხელობის დაუფლება) და უმაღლესი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 4): იცოდი, რომ ილონ მასკი, მიუხედავად მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა თანამედროვე განათლებისადმი, ფიზიკის ბაკალავრია? ის ხშირად ამბობს, რომ სწორედ ფორმალურმა განათლებამ ასწავლა მას „პირველადი პრინციპებით აზროვნება“. მისი მაგალითი გვაჩვენებს, რომ ფორმალური სისტემა გვაძლევს იმ ფუნდამენტურ „ოპერაციულ სისტემას“, რომელზეც შემდეგ სხვადასხვა პრაქტიკული უნარების დაშენება ხდება შესაძლებელი.
არაფორმალური განათლება შეიძლება განიმარტოს როგორც ფორმალური სისტემის გარეთ, ორგანიზებულ გარემოში, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება (ტრენინგი, კურსი, ვორქშოფი), რომლის მიზანია კონკრეტული ცოდნისა და უნარების განვითარება ან სერტიფიკატის მიღება.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 5): არაფორმალური განათლების მსგავსი პრაქტიკები — ზრდასრულთა კურსები, სათემო პროგრამები და პროფესიული ტრენინგები 1900–1960-იან წლებშიც არსებობდა, თუმცა ერთიანი ტერმინი არ ჰქონდათ და ხშირად მოიხსენიებოდა როგორც „ზრდასრულთა განათლება” (Adult education) ან „სკოლისგარეშე განათლება” (out-of-school education).
ცნება „არაფორმალური განათლება” (non-formal education) პირველად გამოიყენა ფილიპ ჰ. კუმბსმა (Philip H. Coombs) 1968 წელს წიგნში „მსოფლიო საგანმანათლებლო კრიზისი” (The World Educational Crisis), ხოლო 1970-იან წლებში UNESCO-მ იგი ოფიციალურ საერთაშორისო კლასიფიკაციაში ჩართო.
ამ სტანდარტიზაციის შემდეგ, 1970–1980-იან წლებში, არაფორმალური განათლების კონცეფცია განსაკუთრებით გავრცელდა აფრიკასა და აზიაში. ამ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებმა (UNICEF, World Bank) დაიწყეს ისეთი პროგრამების მხარდაჭერა, როგორიცაა ზრდასრულთა წიგნიერების კურსები, ჯანდაცვის განათლება ან სოფლის მეურნეობის ტრენინგები.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 6): კორპორაციულ სფეროში არაფორმალური განათლება აქტიურად დანერგა IBM-მა და General Electric-მა 1950–60-იან წლებში. მათ შექმნეს თანამშრომელთა გადამზადების პროგრამები, რომლებიც არ იძლეოდა უნივერსიტეტის ხარისხს, მაგრამ აძლევდა პრაქტიკულ კომპეტენციებს სამუშაო ადგილზე.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 7): არაფორმალური განათლება ხშირად ხდება „გადამრჩენელი“, როცა ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებები ხდება. მაგალითად, 2020 წლის პანდემიისას, ადამიანების უმრავლესობამ სწორედ არაფორმალური გზით, რამდენიმე თვეში ისწავლა დისტანციური მუშაობის ინსტრუმენტები, რასაც ფორმალური სისტემა წლებს მოანდომებდა.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 8): როგორც იცით, მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდი მიატოვა, თუმცა მისი რეალური სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა. ის ცნობილია იმით, რომ ყოველ წელს ახალ გამოწვევას იღებს (მაგალითად, ჩინური ენის სწავლა ან ყოველთვე ახალი წიგნის წაკითხვა). ეს არის კლასიკური არაფორმალური მიდგომა: როცა კონკრეტულ მიზანს ისახავ და ინტენსიური, მოკლევადიანი კურსებით ან თვითდისციპლინით იძენ იმ უნარს, რომელიც იმ მომენტში გჭირდება გადარჩენისთვის ან განვითარებისთვის.
ინფორმალური განათლება ესაა ყოველდღიური გამოცდილებით მიმდინარე სპონტანური და არასტრუქტურირებული სწავლა (YouTube, წიგნები, პრაქტიკა), რომლის მიზანია პირადი განვითარება ოფიციალური დოკუმენტის გარეშე.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 9): ინფორმალური ტიპის სწავლა ადამიანურ გამოცდილებაში ყოველთვის არსებობდა, თუმცა აკადემიურ დისკუსიაში მისი ინტენსიური გააზრება 1950-იანი წლებიდან დაიწყო ზრდასრულთა განათლების თეორიებში. მანამდე აღნიშნულ პროცესს მოიხსენიებდნენ როგორც „თვითგანათლება“ (Self-education) ან „გამოცდილებით სწავლა“ (learning by experience). 1970-იან წლებში UNESCO-ს კლასიფიკაციამ ინფორმალურ სწავლებას ცალკე კატეგორიის სტატუსი მიანიჭა და დააფიქსირა იგი როგორც განათლების დამოუკიდებელი ფორმა.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 10): ინფორმალური განათლების მაგალითია „Wikipedia“ – ადგილი, სადაც მილიონობით ადამიანი სწავლობს არა დიპლომისთვის, არა სერტიფიკატისთვის, არამედ, – უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო. კიდევ ერთი მაგალითია „Stack Overflow“ – პროგრამისტების საზოგადოება, სადაც ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს კოდის დაწერაში. ეს არის ინფორმალური, მაგრამ „უმძლავრესი სასწავლო გარემო“, სადაც ცოდნის გაზიარება ხდება ნებაყოფლობით.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 11): არსებობს „70-20-10“ მოდელი, რომლის მიხედვითაც პროფესიული განვითარების დაახლოებით 70% მოდის პრაქტიკულ გამოცდილებაზე (ინფორმალური სწავლება), 20% — სხვებთან ურთიერთობასა და უკუკავშირზე (არაფორმალური სწავლება) და 10% — ფორმალურ ტრენინგებზე (ფორმალური სწავლება). მოდელი 1990-იან წლებში ფართოდ გაავრცელეს ჩარლზ ჯენინგსმა, მაიკლ ლომბარდომ და რობერტ აიხინგერმა. ეს არ არის მათემატიკის ან ფიზიკის მსგავსად ექსპერიმენტულად დადასტურებული „ფაქტი“, თუმცა მრავალი ორგანიზაცია იყენებს მას როგორც პრაქტიკულ ჩარჩოს, რომელიც გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლისა და რეფლექსიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 12): ინფორმალური განათლების საუკეთესო მაგალითია სტივ ჯობსი. ის კალიგრაფიის კურსს მხოლოდ ინტერესის გამო ესწრებოდა, დიპლომის მოლოდინის გარეშე. წლების შემდეგ ეს გამოცდილება Macintosh-ის ლამაზ ფონტებში აისახა. მისი გამოცდილება ხაზს უსვამს ინფორმალური სწავლების არსს: გამოცდილების შეგროვება ინტერესის მიხედვით, რადგან არასოდეს იცი, როდის იქცევა ეს შემთხვევითი ცოდნა შენს მთავარ კომპეტენციად.
რომ შევაჯამოთ, მთავარი, რაც ამ ლექციიდან უნდა წაიღო არის შემდეგი: თუ გეცოდინება, რომ მოსწავლე ცოდნის დიდ ნაწილს ინფორმალური განათლებით იღებს, შეძლებ სასწავლო პროცესი ისე დაგეგმო, რომ ეს „გარე“ გამოცდილება პირდაპირ დაუკავშიროთ ფორმალური ან არაფორმალური სწავლების მიზნებს. ასეთ დროს აღარ ხარ უბრალოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, ხდები მეგზური, რომელიც ეხმარება ადამიანს, დაინახოს კავშირი რეალურ ცხოვრებასა და თეორიას შორის.
შემდეგ ლექციაზე: ჩვენ უკვე ვიცით რა? (ფორმატები – გაკვეთილი, ლექცია, ტრენინგი), როგორ? (ფორმები – პირისპირ, დისტანციურად, ასინქრონულად) და სად? (სისტემები – ფორმალურად, არაფორმალურად, ინფორმალურად). დროა გადავიდეთ ყველაზე კრიტიკულ ნაწილზე — ვისთვის? მომდევნო ლექციაზე შევადარებთ სწავლების მიდგომებს: პედაგოგიკას, ანდრაგოგიკასა და ჰევტაგოგიკას.
ვნახავთ, როგორ ცვლის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა სწავლების ფილოსოფიას. პასუხს გავცემთ კითხვას როგორ მივიყვანოთ მოსწავლე იმ წერტილამდე, სადაც ის იმდენად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გახდება, რომ მასწავლებელი საერთოდ აღარ დასჭირდება?
მომავალ ლექციამდე!