რას წარმოადგენს “ჰედონისტური ადაპტაცია”?
რატომ არის, როდესაც რაიმე სასურველ ნივთს დავეუფლებით (ვიყიდით, გვაჩუქებენ, მოვიგებთ და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა) ან რაიმე სანუკვარ სურვილს ავისრულებთ, თავიდან ძალიან ბედნიერები ვართ, ხოლო რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ყველაფერი თითქოს უფერულდება და არანაირ სიხარულს აღარ გვანიჭებს.
ჩავატაროთ აზრობრივი ექსპერიმენტი. წარმოვიდგინოთ, რომ უცებ გვაჩუქეს ან ლატარიაში მოვიგეთ, მაგალითად, ფერარი !!! რა მაგარია, როგორ გაგვიმართლა, როგორი ემოციაა. ალბათ ვერც კი ვინატრებდით და უცებ როგორი ბედნიერები გავხდით. და საინტერესოა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება? თავიდან ყოველი მიახლოება სანუკვარ მანქანასთან გამოიწვევს უძლიერეს შინაგან განცდებს, გულის თრთოლვას, ჰორმონების უდიდეს მოზღვავებას და ბედნიერების შეგრძნებას. ეს ფიზიოლოგიური რეაქციები შესაძლოა გაგრძელდეს ერთი ან ორი კვირა ან მაქსიმუმ ერთი თვე. რა ხდება შემდეგ? ჩვენ ვეჩვევით ამ ნივთს და ის ჩვენთვის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ანუ ყოველდღიურობა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ის რაც ცოტა ხნის წინ გვანიჭებდა ზღვა გრძნობებს, დღეს თითქმის აღარაფერს ან მინიმალურ ემოციას იწვევს ჩვენში, და ისიც ნელნელა ვგრძნობთ, რომ იკლებს.
კვლევები აჩვენებენ, რომ ბედნიერება ქორწინებისაგან მიახლოებით ორი წელი გრძელდება (ეს კიდე ვისაც გაუმართლა, თორე მინახავს ორ თვეში გაცილებულან), ახალი სამსახური ან სამუშაოზე დაწინაურება იწვევს სიხარულს მაქსიმუმ ერთი წელი. წვრილმანი ემოციები, ხომ საერთოდ კიდე უფრო ცოტა ხნით გრძელდება.
ასეა თუ ისე, ზღაპარი მთავრდება და ჩვენ ვიწყებთ ახალი ბედნიერების ძიებას. ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს „ჰედონისტური ადაპტაცია“ ეწოდება. ის თავისი შინაარსით შეგვიძლია სარბენ ბილიკს შევადაროთ. რატომ? ის იდეალურად აღწერს ჩვენს ტვინში მიმდინარე მოვლენებს – ჩვენ მუდმივად მივსდევთ ჩვენს ბედნიერებას და ვერასოდეს ვეწევით მას, უფრო სწორად, როცა დავეწევით აღმოჩნდება, რომ ის „ის“ არ არის. ამ თეორიის მიხედვით, რაც მეტ სიამოვნებას იღებს ადამიანი, მით მეტად იზრდება მისი სურვილები და მოლოდინები, რასაც ვერ მივყავართ საბოლოო ბედნიერებამდე. რატომ გვეთამაშება და გვექცევა ჩვენი ტვინი ასე? რატომ არ შეგვიძლია ერთი სურვილის ასრულებით მუდმივად ბედნიერები ვიყოთ?
ფსიქოლოგები თვლიან, რომ „ჰედონისტური ადაპტაცია“ ადამიანის ფსიქიკის დაცვით მექანიზმს წარმოადგენს. ადამიანის სხეული სავსეა გარეგანი ზემოქმედებისაგან დამცავი მექანიზმებით, მათ შორისაა ფსიქოლოგიური დამცავი მექანიზმებიც. ერთერთ ასეთს კი წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი ფენომენი, რისი მთავარი ფუნქციაცაა ადამიანის ფსიქიკის დაცვა ზედმეტი ემოციებისაგან. ალბათ შეგვხვედრია ადამიანი, ვინც ვერც თუ კარგად აკონტროლებს საკუთარ ემოციებს: ზედმეტად ემოციურები არიან ან პირიქით მის ნაკლებობას განიცდიან. ეს ორივე შემთხვევაში დარღვევაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ვერ იქნება მუდმივად ემოციების გავლენის ქვეშ, ეს მის ფსიქიკას დააზარალებს. ზოგიერთი მეცნიერი ამ ფენომენს «ფსიქოლოგიურ იმუნიტეტსაც» კი უწოდებს. საქმე იმაშა, რომ ადამიანში წარმოშობის დღიდან ჩადებულია და ვითარდებოდა ადაპტაციის უნარი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია გარე გამაღიზიანებლებზე დროულ რეაქციაზე. ამ უნარის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩებოდა.
თუმცა მიმაჩნია არის კიდევ მეორე ასპექტიც, რაც ასევე ადამიანში ჩადებულია წარმოშობიდანვე. მას ფროიდი ერთერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდა – ესაა მოტივაცია. ადამიანს არსებობისათვის აუცილებლეად სჭირდება ცხოვრების მიზანი და შესაბამისად მოტივაცია. მის გარეშე ადამიანის ცხოვრება ყოველგვარ აზრს კარგავს. ამის კარგი მაგალითია დეპრესიები და სუიციდები, რაც უმეტეს შემთხვევაში იმ კატეგორიის ხალხს ემართება ვინც ცხოვრებაში თავისი ინტერესი ვერ იპოვა. ამიტომ არის ადამიანი არასოდეს წყვეტს განვითარებას და ეფემერული ბედნიერებისაკენ სწრაფვას, რომელსაც ვერასოდეს ეწევა, რადგან ის არა ნივთებში და სურვილებში, არამედ მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში არსებობს. ცნობიერებამ კი ის სარბენ ბილიკად აქცია, ისევ ჩვენივე ფსიქოლოგიურ-მოტივაციური ინტერესების შესაბამისად.